სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი.

კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი.

კანონის პროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების შემთხვევაში, აღარ დაიბეგრება ამ პირების მიერ 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით.

კანონის პროექტით აგრეთვე იზრდება თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთები.

საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარადგინა.