საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ავრცელებს.
ბასილაიას ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 16 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
“მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, სამშობლოში დაბრუნების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადგა უკანონო განაჩენი. სასჯელები მოსამართლემ შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული მთელი რიგი არგუმენტაციით. ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არა მხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესით და მსგავსი ოდენობით სასჯელთა შეკრება, ფაქტობრივად, არ ხდება. ამავე დროს, გვქონდა მნიშვნელოვაი არგუმენტები მოყვანილი ბრალთა დაკავშირებით – თუ რატომ არ შეიძლება ეს ქმედება ბრალეულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკთხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომა, გამართულიყო მსჯელობა, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში მიიღო გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის განაჩენი დატოვა ძალაში”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს წაერთვა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის უფლება.
გარდა ამისა, ბასილაიას ინფორმაციით, სწორედ დავით მამისეიშვილმა უნდა განიხილოს სააკაშვილის სააპელაციო სარჩელს ე.წ. პიჯაკების საქმეზეც.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მან გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული პრინციპი, რომელიც “დანაშაულთა ერთობლიობის” დროს სასჯელის შეკრებას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს, ჯამში, 12 წლითა და 6 თვით მოუწევს ციხეში ყოფნა.
სააკაშვილს ორ საქმეზე (ვალერი გელაშვილის შეკვეთილი ცემის საქმე – 6 წელი და პიჯაკების საქმე – 9 წელი) იქამდე უკვე ჰქონდა სასჯელი მისჯილი.
