საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, ყალბი საბუთების გამოყენებისა და ამ ყველაფრის ორგანიზების ბრალდებით თურქეთის 4 მოქალაქე დააკავეს. ოპერატიულ ღონისძიებაში პოლიციასთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით , ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული ქ. ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის “სარფის” გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული დ.-ი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.