ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს დამფუძნებელი, ლუკა თურქაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში აზიიდან შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს, ან ცალკეულ პიროვნებებს საქართველოში არ უშვებენ და საზღვრიდან უკან აბრუნებენ.
მისივე ინფორმაციით, საზღვრიდან გაბრუნებულ პირებს შორის ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებსაც ისე აბრუნებენ საზღვრიდან, რომ მიზეზსაც არ განუმარტავენ.
„ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ გალფის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული. თუმცა, მცირე რაოდენობით გვსტუმრობენ კორეიდან, ასევე ჩინეთიდან. ამის პარალელურად, თითქმის გაუქმდა ევროპის ბაზარი და სიტუაციის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ არაფერს არ ვცდილობთ.
საზღვრიდან გაბრუნების ფაქტებს რაც შეეხება, პირადი გამოცდილებით, ასეთი შემთხვევები ხშირია ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებთან მიმართებით. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემი პარტნიორი არ შემოუშვეს ქვეყანაში, რომელიც თვეში 100 კაცს მიგზავნის. ამ დროს, ყველა საჭირო საბუთი წესრიგში ჰქონდა. ასეთი ფაქტები ჩემს კოლეგებსაც აქვთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულ ტურიზმის სექტორის დაზიანებას ჰგავს, თავისუფალი ბაზრის დაზიანებას. ვინც კი ქვეყანაში ჩამოდის, ისინიც აღნიშნავენ, რომ საზღვარზე კონტროლი უჩვეულოდ არის გამკაცრებული“, – ამბობს ლუკა ტურკაძე.
Feel Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, ბოლო 3 თვეა ქვეყანაში ევროპელი ტურისტი არ ჩამოსულა და ევროპიდან მომავალი თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი ჩამოდის. ის ნახევარიც ქართველები არიან.
“ბოლო 3 თვეა, ევროპელი ტურისტი [საქართველოში] არ ჩამოდის, რადგან ხელისუფლება არ ცდილობს აუხსნას მათ, რომ აქ ჩამოსვლა არის გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოგზაურობა. რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტია, ეს ტურისტის უსაფრთხოებაზე არ აისახება.
არ ვიცი ამას რატომ ვშვრებით, არავინ ახსნას არ დებს. რატომ აწყობს ვინმეს, რომ ქვეყნის ტურისტული სექტორი დაზიანდეს, არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს ხშირად ვესაუბრებით, მაგრამ არაფერს კონკრეტულს არ გვეუბნებიან. ისეთ პოზიციაში არიან, თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება“, – განაცხადა ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა.
