აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დაკავებული სანქცირებული ტანკერის, Bella 1-ის (Marinera) ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ეს ცნობა დღეს, 8 იანვარს გავრცელდა რუსული მედიასაშუალებებით.
მათი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის დროშით მცურავი ტანკერის ეკიპაჟის მხოლოდ 2 წევრია რუსეთის მოქალაქე, ყველაზე მეტი, 20 – უკრაინის და 6, მათ შორის კაპიტანი – საქართველოსი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ „ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას”.
გამოცემამ, „ნოვაია გაზეტა ევროპა“ გაარკვია, რომ ტანკერი Marinera (Bella 1) ეკუთვნის რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ დარეგისტრირებულ კომპანია „ბურევესტმარინს“, რომლის დირექტორი და ერთადერთი მფლობელია მეწარმე ანექსირებული ყირიმიდან ილია ბუგაი. ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბუგაი ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორიცაა.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.
ტანკერმა, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა, გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერის დევნა განაგრძო.
7 იანვარს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ტანკერი Bella 1 ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში დააკავეს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ოპერაცია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ჩატარდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს დაადასტურა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. გენერალური პროკურორის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.
ფორუმი




