საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ სხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არ გავჩერდებით”, “ჩანიშნეთ არჩევნები“.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დიდთოვლობის გამო შექმნილი ვითარების გამო და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის რეგიონებში მოსახლეობას ეხმარებიან მადლობა გადაუხადეს.
ცნობისთვის, დღეს უწყვეტი პროტესტის 94-ე დღეა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
მათი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.
