„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ მათ მაუწყებლის ძველ შენობასთან განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ, ზაუტაშვილისა და ჩიქოვანის გათავისუფლებით კულმინაციას მიაღწია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
11 აპრილამდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ჩვენ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს.
დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად – მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და “რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები ვითხოვდით და ვითხოვთ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში, ცარიელ სატელევიზიო ბადეში სადისკუსიო ველის შექმნას, ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ არხზე ისმოდეს კრიტიკული ხმა, მოსაზრებათა მრავალფეროვნება, ჯანსაღი დისკუსია, სოციალური საკითხები. ვითხოვთ, რომ არხზე ჩანდეს უფლებააყრილი და ნაწამები ადამიანების სახეები და ისმოდეს მათი ხმა. ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიანი და პროფესიული ჟურნალისტიკის აუცილებლობაზე – ამის საპასუხოდ მივიღეთ ზეწოლა, დაშინება, დევნა!
არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!”,- განაცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლების მცველებმა.