საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდე იზრდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი იზრდება. 12 500 ლარის ნაცვლად ის მომავალი წლის 1 იანვრიდან 15 000 ლარს აიღებს. საკითხი საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა.
ამავე სხდომაზე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არხის დირექტორმა თქვა, რომ მომდევნო წელს პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა, პრიორიტეტი კი მიენიჭება იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე ნაკლები ხელფასი აქვთ.
თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის დირექტორად 2020 წლის სექტემბერში 6 წლის ვადით აირჩიეს. მან 2024 წლის ბოლოს უარი თქვა, ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე გაზრდოდა.

მისი დირექტორობის დროს არხი ახალ შენობაში გადავიდა.

ასევე მისი დირექტორობის დროს არაერთი კითხვა დაისვა არხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების შესახებ. ადამიანთა ნაწილი, რომელიც ამ საკითხზე საუბრობდა, ტელევიზიის თანამშრომელი აღარა. მიკერძოებულ სარედაქიცო პოლტიკას გამორიცხავენ თანამშრომლების ნაწილი და მენეჯმენტი.
გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს დღევანდელ, 23 დეკემბრის სხდომაზე უყარეს კენჭი. სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ 7000 ლარამდე გაიზრდება აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი – მის ასარჩევად კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეულმა ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა კიდევ ერთი საკითხი, 2025 წელს მე-13 ხელფასი აიღონ სამეურვეო საბჭოს წევრებმა და დირექტორთა საბჭომ. გარდა ამისა, პრემია გადაეცეთ მათ, ვინც „ეკრანზე არ ჩანან“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა. მომდევნო წელს, 2025 წლის მსგავსად, ის ბიუჯეტიდან 101 მილიონ ლარს მიიღებს. ამ თანხაშია გათვალისწინებული აჭარის ტელევიზიისთვის გამოსაყოფი თანხაც.
ფორუმი