„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მათი სარჩელი ეხება არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებას, არამედ რეპუტაციულ ზიანსაც.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართონ.
„გასაჩივრებული არის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. მოვითხოვთ აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს შემთხვევაში გამოყენებული არის კონტრაქტისა და ასევე შიდაგანაწესის დარღვევის არგუმენტი სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ჩვენ ვასაჩივრებთ, რომ ქვეყანაში უპირატესი არის კონსტიტუცია. სიტყვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს სიტყვის თავისუფლება იცავს საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენები არ უნდა გატარდეს. თუ საჭირო გახდა, აუცილებლად წავალთ ზემდგომ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლომდე და შემდეგ თუ აქ ვერ დავადგინეთ ის, რაც არის ჭეშმარიტება, აუცილებლად მივმართავთ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძის უკანონო გადაწყვეტილებები მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში, 22 საქმის წაგებით დაუჯდა დაახლოებით 300 ათასამდე ლარი. ვასილ მაღლაფერიძე არის ახლა უკვე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი გავლენებით უკანონო გადაწყვეტილებები კვლავ გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე“,-განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის განმარტებით, მისი სარჩელი მიმართული არის ასევე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, „იმედმა“ არასწორი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა. „სარჩელი ჩემი უკანონო გათავისუფლების თემას ეხება და ასევე, რეპუტაციის შელახვას. სარჩელი არ იქნება მარტო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ. სარჩელი იქნება ასევე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ გაავრცელა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, თან პირად შემოსავლებთან დაკავშირებით. საქმე გადაგზავნილია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ მოძიება. ჩვენ მიგვაჩნია,რომ მართლები ვართ. ძალიან მკაფიოდ ვხედავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისიას და რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ“,-განაცხადა ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, წამყვანები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.
