საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
