ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“ ისაუბრა.
უგულავას თქმით, პარტიებმა და პოლიტიკოსებმა საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ და საპარლამენტო არჩევნებამდე ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. უგულავამ ეს პროცესი საფეხბურთო ტრანსფერს შეადარა და აღანიშნა, რომ ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის უშედეგოდ დასრულდა.
„ეს პროცესი არის ზაფხულის და ზამთრის ტრანსფერებისთვის. აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაც საერთო ენა გამონახონ პარტიებმა. თუ პოლიტიკოსები ციფრებს არ გაუსწორებენ თვალს, ის ციფრები ძალიან მძიმე ტალღად მოხვდება ცხვირში ყველას. [პოლიტიკოსები ამბობენ] მე არ მაინტერესებს ციფრები, ხალხს ველაპარაკებიო. პირიქით არის, ციფრები გეუბნება ხალხის აზრს, რადგან მეცნიერულია და შენ რომ ხალხს ელაპარაკები, ძირითადად შენი პარტაქტივია…
ამიტომ ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის დასრულდა უშედეგოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში, ივნის-ივლისში, მოუბრუნდებიან ამ საკითხს, მანამდე პარტიები ემუშაონ ამომრჩეველს. ჯერჯერობით ეს საკითხი არ გამოდის და ბუქსაობის პერიოდია. საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის, საზოგადოების დაკვეთა ძალიან მარტივი – გამოძებნეთ საერთო ენა, რომ ეს მონსტრი დაამარცხოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიების შექმნაზეც ისაუბრა. უგულავას თქმით, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა, თუმცა ეს უდროო დროს ხდება და ახლა არასწორია.
„ერთი რამ უდავოა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც მათ მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო. ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, ნიკა გვარამია მთავარი მოტორი იყო [ენმ-სი], მათ შორის მაშინ, როცა სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო, თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. ბოლო არჩევნებზე წარმატებულმა მერობის კანდიდატებმა პარტია დატოვეს. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს არის პარტიის პრობლემაა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ ორი კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მე საერთოდ არ მიხარია… თუ მდინარეში არ დაიხრჩო ან ერთი ან მეორე პარტია, როცა ზღვაში შეერთდება, ეს ზღვა აუცილებლად იქნება დიდი და აღელვებული, ყველა ერთად აღმოვჩნდებით. მაგრამ ამ ზღვამდე უნდა მივიდეს ყველა და არ უნდა ჩაიძიროს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.