საზოგადოებამ ახლავე უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე გარიგების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან ან კორუფციულ მოტივაციასთან – ბადრი ჯაფარიძე Eagle Hills-ზე
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პასუხს აგებს ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც მისი მონაწილეობით დაიდება, თუკი მასში კორუფციული რისკები გამოიკვეთება. შესაბამისად, საზოგადოებამ ახლავე უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხი ყველა არსებულ კითხვაზე არაბულ კომპანიასთან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ან სრულ არაკომპეტენტურობასთან ან არაჯანსაღ, კორუფციული ბუნების მოტივაციასთან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ბადრი ჯაფარიძე წერს, „ქართული ოცნების“ მიერ არაბულ კომპანიასთან დადებული გარიგება გამჭვირვალე არ არის.
„დღეისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დადებული გარიგება არაბულ კომპანია Eagle Hills-თან არის ძალიან არაგამჭვირვალე, ქვეყნისთვის არამომგებიანი და შეიცავს ბევრ რისკს.
როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქართული მხარე მიიღებს არაბებთან ერთად შექმნილი ერთობლივი კომპანიის 33%-ს და ამის სანაცვლოდ საქართველოს ამ ერთობლივ კომპანიაში შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების მიწის ნაკვეთები. ეს არის კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია და გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, ეს არის 9 მილიონი კვადრატული მეტრი.
მარტივი არითმეტიკული კალკულაცია გვიჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს მხარის მონაწილეობა, ანუ ეს მიწის ნაკვეთები ფასდება 600 მილიონ დოლარად, მეორე მხარემ, ანუ არაბმა ინვესტორებმა თავის მხრივ ამ ერთობლივ კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალში უნდა შეიტანონ მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით.
არსად არ თქმულა და არ არის ცნობილი ამ ერთობლივ საწარმოში ახლავე შემოაქვს თუ არა არაბულ მხარეს ერთი მილიარდ 200 მილიონი დოლარი თუ ეს ხდება გარკვეული დროის განმავლობაში და როგორი ტრანშებით. ასევე არ არის ცნობილი რა შემოსავლების მიღება იგეგმება ამ ერთობლივ კომპანიაში და რატომ ჯობდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ბიზნესის რისკის აღება და ამ მიწის ღირებულების მიღების მომავალი შემოსავლებიდან დაგეგმვა ვიდრე ამ მიწის ახლავე, აუქციონის წესით გაყიდვა და ფულადი შემოსავლების დღესვე სახელმწიფო ბიუჯეტში წარმართვა“, – წერს ჯაფარიძე.
მისივე განმარტებით, უნდა ითქვას, რომ თავისთავად კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიის გამოყენება იმ ტიპის მშენებლობისათვის, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს, არის ძალიან დამაზიანებელი თბილისის ეკოლოგიური გარემოსთვის და უსპობს მას უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეს.
„მიუკერძოებელი ანალიზი გვიჩვენებს, რომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ქართული მხარისთვის, გონიოს მიწის ნაკვეთი გაყიდულიყო გამჭვირვალედ და წინასწარ კარგად მომზადებული აუქციონის გზით. გონიოს მიწის ამ ფორმით გაყიდვის შემთხვევაში ამით ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტორი დაინტერესდებოდა და ამ გაყიდვის სანაცვლოდ სახელმწიფოს შეუვიდოდა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხა, რომლის გამოყენებაც სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად იქნებოდა შესაძლებელი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გამოცხადებული გარიგების პირობებში ერთადერთი გზა, რომლითაც სახელმწიფო შეძლებს ერთობლივ საწარმოში შეტანილი მიწის ღირებულების მიღებას, არის ამ ერთობლივი საწარმოს მომავალი დივიდენდები, რომელთა სავარაუდო რაოდენობა და მათი სავარაუდო დარიგების დროითი ფარგლები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
გაურკვეველია, რა კალკულაცია უდევს დივიდენდების დარიგების პროგნოზს საფუძვლად, თუ ასეთი კალკულაცია საერთოდ არსებობს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქართული მხარე მინორიტარული პარტნიორი იქნება და არაბულ მხარეს ეძლევა ერთობლივი კომპანიის ორი მესამედი და შესაბამისად, ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათ შორის კომპანიის კაპიტალის გაზრდის და დივიდენდების დარიგების თაობაზე.
კიდევ ერთხელ განვმეორდები, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ღირდა თუ არა მომავალი სავარაუდო დივიდენდების სანაცვლოდ ამ უაღრესად ლიკვიდური მიწის შეტანა არაბულ მხარესთან ერთობლივ საწარმოში და არა მისი ახლა, აუქციონის წესით გაყიდვა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პასუხს აგებს ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც მისი მონაწილეობით დაიდება, თუკი მასში კორუფციული რისკები გამოიკვეთება. შესაბამისად, საზოგადოებამ ახლავე უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხი ყველა არსებულ კითხვაზე არაბულ კომპანიასთან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ან სრულ არაკომპეტენტურობასთან ან არაჯანსაღ, კორუფციული ბუნების მოტივაციასთან!
ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია – ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება!“- წერს ბადრი ჯაფარიძე.




