საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები პროკურატურისგან ითხოვენ, გამოძიებული იქნას არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიერ საზმაუს “უსაფუძვლოდ დადანაშაულების” ფაქტები.
ლაპარაკია არხის წამყვანების, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის (მოამბე), ნინო ზაუტაშვილის (რეალური სივრცე) და რეჟისორის, კახა მელიქიძის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიებზე. როგორც ირკვევა საზმაუს იურიდიულმა დეპარტამენტმა ამ პრეტენზიებზე დასკვნა მოამზადა და ისინი მთლიანად უარყო. საზმაუს ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ დისციპლინარულ მოკვლევასაც აწარმოებს.
საუბარია მაუწყებლის თანამშრომლების პრეტენზიებზე, რომელიც ეხება ზვიად ქორიძეზე თავდასხმის არასათანადო გაშუქებას, საზმაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის არასათანადო გაშუქებასა და საფეხბურთო ტრანსლაციების დროს მთავრობის წარმომადგენლების ჩვენების პოლიტიზებას.
საზმაუ ამტკიცებს, რომ ყველა პრეტენზიაში მართალია.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც ზემოხსენებული დასკვნა განიხილეს, გამოთქვეს მოსაზრებები, რომ არხის კრიტიკული თანამშრომლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიები არის კოორდინირებული, მიზნად ისახავს ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და ის უნდა იქნას გამოძიებული უფრო კომპეტენტური ორგანოს მიერ.
ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს “გაწერილ სცენართან” და ახლა ტელევიზია “არაორდინალურ ვითარებაშია”, შესაბამისად მას არ მიაჩნია სწორად ამ საქმის ასე დატოვება. გია მურღულიამ დასვა კითხვა, ეს სცენარი ხომ არ სცილდება მათ კომპეტენციას და უნდა გაირკვეს, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით რა მეთოდებით. ბორდის კიდევ ერთი წევრი თამილა დოლიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული. “დედას გეფიცებით”, – განაცხადა დოლიძემ.
“ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილი გამოხატა, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული”, – აღნიშნა ვასიკო მაღლაფერიძემ.
საკითხის გამოძიებას ამა თუ იმ ფორმით დაუჭირეს ბორდის შემდეგმა წევრებმა:
· ვასიკო მაღლაფერიძე,
· ბონდო მძინარიშვილი,
· გია იაკობაშვილი,
· თამილა დოლიძე,
· გიორგი კოხრეიძე,
· სოსო სტურუა,
· გია მურღულია,
· იზაბელა ოსიპოვა.
სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, არხის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ 3 თებერვალს მოყვა, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ეროვნული ნაკრების გაზაფხულისა და შემოდგომის თამაშებზე, როგორ დაჟინებით ითხოვდნენ მისგან ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის რამდენჯერმე ჩვენებას ეთერში.
მელიქიძე ასახელებს არაერთ ხელმძღვანელ პირს, ვისთანაც ამ თემაზე საუბარი, სამსახურებრივი მიმოწერა ჰქონდა და არხის დატოვებასაც აპირებდა. მათ შორის, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და მაუწყებლის მედიის დირექტორს, რუსუდან მანჯგალაძეს.
„ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის [ლუქსემბურგთან თამაშის დროს] შემდეგ, დამიბარეს ტელევიზიაში, არ ვიტყვი, ვის კაბინეტში და ამიხსნეს, რომ ეს არ იყო სწორი, რომ ეგ დავალება ჩემთვის არავის არ მოუცია. შენ ხომ არ გგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვართ ისევ. პარლამენტზე ვართ დამოკიდებული, პრობლემები შეგვექმნებაო.“
კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანსაც. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ბორდის ხელმძღვანელია უნახავს საეთეროში და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კაბინეტში. “ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე”.
