ახალი წლიდან სავაჭრო ცენტრი ,,ქარვასლა’’ მომხმარებლებს სიახლეებს შესთავაზებს. სავაჭრო ცენტრში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სივრცის განახლება იგეგმება. სიახლეების შესახებ ,,კომერსანტი’’ ,,ქარვასლას’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ზურაბ შავლაყაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ახლა განახლების საკითხზე მიდის მუშაობა. ზურაბ შავლაყაძის განცხადებით, სწორედ სამუშაოების დასრულებისა და განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად გადაწყდება გაიზრდება თუ არა სავაჭრო ცენტრში იჯარის ფასი.
,,სარემონტო სამუშაოებს ვგეგმავთ. განახლება გვინდა. ჯერჯერობით ამაზე მიდის მუშაობა და არ ვიცი ჯერ ფასზე როგორ იმოქმედებს. გაზრდაზე ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ სიახლეები, რომ იქნება და განახლებას გავაკეთებთ, მერე შეიძლება იჯარის გაზრდაც მოხდეს. ზოგადად სავაჭრო ცენტრებში იჯარები მზარდია. ჩვენ ინვესტიციებს და განახლებებს, რომ განვახორციელებთ, მერე შესაძლებელია დაიგეგმოს იჯარის გაზრდა. რა გაკეთდება და როგორ გაკეთდება, იმის მიხედვით დაწესდება ფასი.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ზურაბ შავლაყაძე.
,,ქარვასლა’’ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს. გაზაფხულზე სავაჭრო ცენტრს ,,ავერსის“ ახალი ფორმატის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აფთიაქი დაემატება, რომელიც ფეხსაცმლის აუთლეტ მაღაზია ,,FLO’’-ს ჩაანაცვლებს.
,,ახალი წლიდან შემოდის ,,ავერსის“ დიდი და ახალი ფორმატის აფთიაქი. ,,FLO’’-ს აუთლეტს ვანაცვლებთ ,,ავერსის აფთიაქით. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით თებერვალში დაიწყება და სავარაუდოდ, 2 თვის ფარგლებში გაიხსნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის სხვა კომპანიებთან. ვერ დავასახელებ ჯერ. სავაჭრო ცენტრს დაემატება ახალი, მომხმარებლებში უფრო მოთხოვნადი კომპანიები. მიდის მოლაპარაკებები და ვცდილობთ ნაკლებად ცნობილი მაღაზიები შედარებით უკეთესით ჩავანაცვლოთ.’’- აცხადებს ზურაბ შავლაყაძე.
სავაჭრო ცენტრი ამ დროისთვის თითქმის სრულად ათვისებულია. ,,ქარვასლას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, რომ მოთხოვნა დიდია და არსებობს მომლოდინე კომპანიების სიაც, რომლებიც სავაჭრო ცენტრში ფართის გათავისუფლებას ელოდებიან.
,,თითქმის 100%-ით ათვისებული გვაქვს ყველა ფართი. მოთხოვნა ახლაც არსებობს. არიან მომლოდინეთა სიაში კომპანიები, რომლებსაც სურთ ფართის დაქირავება. ძირითადად ბიზნეს ცენტრს ეხება ეს. საცალო ვაჭრობის კუთხითაც თითქმის 100%-იანი დატვირთვაა. დატვირთულობის კუთხით პრობლემა არ გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს ლოკაციას, ანუ მეტროსთან სიახლოვე. გვაქვს პარკირება. სერვისს, რასაც ვთავაზობთ და საფასო პოლიტიკა რაც გვაქვს, ეს განაპირობებს მოთხოვნას. ადეკვატური და მისაღები ფასი გვაქვს, რაც განაპირობებს მაღალ მოთხოვნას. დაახლოებით 350 კომპანია არის განთავსებული ,,ქარვასლაში“. ფართების ნაწილი გაყიდულია და სავაჭრო ცენტრს ჰყავს კერძო მესაკუთრეები. გვყავს დაახლოებით 220 მოიჯარე და კერძო მფლობელებსაც ჰყავთ თავისი მოიჯარეები.’’- აცხადებს ზურაბ შავლაყაძე.