სავაჭრო საკითხებში ევროკომისარი მაროშ შევჩოვიჩი მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში გაემგზავრება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ოლოფ გილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისარი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებების მიღწევას ეცდება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ თუ მოლაპარაკებების დადებითი შედეგით არ დასრულდება, ევროკავშირი მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს.
„სავაჭრო საკითხებში ევროკომისარი მიემგზავრება ვაშინგტონში, რათა სცადოს და გააფორმოს შეთანხმებები. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებულები ვართ. ყველა ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ბოლო საერთაშორისო მოვლენების გამო“, მაროშ შეფჩოვიჩმა ვიეტნამში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირს სურს, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს შანსი მისცეს.
