სავაჭრო პალატა ქალი მეწარმეების ბიზნესის ციფრული უნარების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს სავაჭრო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-სთან თანამშრომლობით, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ ფარგლებში მათ გადამზადებას.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, თბილისში ბიზნესის მფლობელმა ქალმა მეწარმეებმა ექსპერტების დახმარებით მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში.
„ტრენინგების პარალელურად, ჩატარდება მასტერკლასები, სადაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები უკვე გადამზადდნენ ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. პროექტი მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ბრენდინგი, მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. პროექტის ფარგლებში შერჩეული იყო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე. პალატის ამოცანაა, გააციფრულოს მეწარმეების ბიზნესები, რათა უფრო მორგებულები იყვნენ თანამედროვე გამოწვევებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.