სავარაუდო შემადგენლობა უკრაინასთან – “მამარდას” პრობლემა, “გოჩო” მარცხნივ და მთავარი სირთულე ზურიკოსა და ბუდუსთან…

საქართველოს ნაკრები “ერთა ლიგის” გადამწყვეტ მატჩებს დიდი სიახლით ხვდება, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგძლივდა. მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ამ გადაწყვეტილების შუქ-ჩრდილებზე შეგნებულად არ ვისაუბრებთ, მოგვიანებით კი აუცილებლად განვიხილავთ.
უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ისევ ბევრი საუბარია მეტოქის ბანაკში არსებულ დანაკლისსა თუ პრობლემებზე. ისევე როგორც ოქტომბერში, ახლაც მნიშვნელოვანი გვგონია, კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ გუნდსა და თამაშზე მოვახდინოთ.
საკადრო პრობლემები საქართველოს ნაკრებშიცაა, ამავდროულად კი მთავარ მწვრთნელს კონკურენციიდან გამომდინარე დილემებიც აქვს. სავარაუდოა, სანიოლი ისევ 3-მცველიან სქემას დაუბრუნდება, შეტევაში კი ის ერთგვარი ქაოსი არ იქნება, რაც
ალბანეთთან თბილისში ვიხილეთ.
გიორგი მამარდაშვილის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, “ვალენსიას” ორი თამაში გადაიდო და ცოტათი ტონუსიდან ამოვარდნილია. “მამარდას” გუნდი ესპანეთში ბოლოადგილოსანია და ჩვენებურს დიდი ჯაფა ადგას, ბოლოს “ხეტაფესთან” არწაგებაში კი დიდი როლი ჰქონდა.
ლადა დვალის დისკვალიფიკაცია, ლოგიკურად, ლუკა ლოჩოშვილის ძირითადში გამოჩენას ნიშნავს. მარცხენა ცენტრალური მცველი გუნდში ის და ბოლო მომენტში დამატებული ალექსანდრე კალანდაძეა. იმის გათვალისწინებით, რომ “ლოჩოს” ბოლო დროს ნაკრებში ფლანგზე ვხედავთ, გიორგი გველესიანს კი გუნდში ორ ცენტრალურ მცველს შორის მარცხნივ აყენებენ, დვალის შემცვლელად მას მოვიაზრებთ.
სამწუხაროა, საბა გოგლიჩიძე რომ გამოგვაკლდა, მას ახლა სასტარტოში ველოდით. მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საბა კვირკველიას გამოჩენა უალტერნატოვო გვგონია. ამჟამად თბილისის “დინამოს” უკანახაზელისთვის ეს “ჯვაროსნების” რიგებში 62-ე მატჩი იქნება, რაც გამორჩეული შედეგია.
კვირკველია-კაშია(122-ე მატჩი ექნება)-გველესიანის დაცვის ხაზის უპირატესობა გამოცდილება იქნება, მაგრამ დასამალი არაა, მათი ასაკიდან გამომდინარე, უკანა ხაზი სისხარტისა და მოქნილობის პრობლემა დაუდგება. იმედია, ეს სამეული სისწრაფის, პოზიციის შერჩევისა და ორთაბრძოლების მოგების კარგ ნაზავს შემოგვთავაზებს. “ჩელსის” ფეხბურთელი მუდრიკის შეჩერება პოლონურ მატჩში გაგვიჭირდა.
ოთარ კაკაბაძის (70-ე მატჩის მოლოდინშია. “ერთა ლიგაზე” კვეკვესკირთან ერთად 18 შეხვედრაში ითამაშა) ოქტომბრის სანაკრებო გამოსვლა კრიტიკას იმსახურებდა, თუმცა ასეთებიც ხდება. სანიოლოსთვის ის ფლანგზე დაცვისა და შეტევის კარგი ბალანსია და ახლაც სასტარტოში ველით. ოთოს კლუბში კარგი პრაქტიკა აქვს.
რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ დიდი არჩევანია, მაგრამ ნომინალური მარცხენა მცველი არავინაა. ფრანგმა დამრიგებელმა პოზიცია ლოჩოშვილს, შენგელიას (მზადება ინდივიდუალურად დაიწყო) ან წიტაიშვილს უნდა შეუცვალოს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რაც სანიოლს გამოუყენებია (ბათუმში ნორვეგიასთან მეორე ტაიმში) და ამას ახლაც ვვარაუდობთ – გიორგი გოჩოლეიშვილმა მარცხენა ფრთა ჩაიბაროს. 23 წლის ფეხბურთელი “კოპენჰაგენში” მშვენიერია და ზემოთჩამოთვლილებისგან განსხვავებით, დაცვაში თამაშის მაინც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ეგაა, 4-მცველიან ტაქტიკაში, თანაც, ესპანეთთან, ეს ცუდად გამოუვიდა.
აქ არაფრის ახსნა საჭირო არაა, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაცია კი მოიხადა, მაგრამ გადამწყვეტი ტურის წინ ამ საფრთხის წინაშე ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ჩვენ ნახევარდაცვას ოქტომბერში უკრაიანელებთან გაუჭირდა, რისი მიზეზი მოედნის საფარიც იყო და არც “ჩაკვესთან” გაჩაღებული “დაჭერობანა” გვავიწყდება. ახლა სხვა მოცემულობა უნდა იყოს!..
წინა ხაზზე ისევ ტრადიციული დილემებია. ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ნაკრებს კარგ ფორმაში შეუერთდნენ, თუმცა არსებულ ტაქტიკურ სქემასა და კონკურენციაში მათი თამაშის ალბათობა მცირეა. წინა შეხვედრაში სანიოლმა ეს საკითხი ძირითადში ყველას ერთდროულად დაყენებით გადაჭრა, რაც ახლა ასე არ უნდა იყოს. შეტევაში კვლავ – გიორგი მიქაუტაძის მძლავრ დუეტს ველით. მოსლაოდნელია, დრო საბა ლობჟანიძემაც მიიღოს.
“კვარას” ერთი გოლი სჭირდება, რათა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის ( – 26) მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს (მასსა და ქეცბაიას 17-17 აქვთ); თუკი მოწინააღმდეგის კარს მიქაუტაძე დალაშქრავს, მე-4 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს დაეწევა(15 გოლი).
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს ს ბათუმში ვუმასპინძლებთ (20:00 სთ), ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.