სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „ს“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიოჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. ისინი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებენ.