შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებში (21:45) იმყოფებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ბინაში.
მისი ვაჟი, კოტე ჩახუნაშვილი, – რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა, – წერს, რომ გიორგი ჩახუნაშვილს აპატიმრებენ.
ბინასთან უკვე შეკრებილები არიან ჟურნალისტები და ჩახუნაშვილის მხარდამჭერები.
72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ის პრესცენტრს კითხვით, აკავებენ თუ არა ჩახუნაშვილს და რასთან დაკავშირებით იმყოფებიან სამართალდამცავები მასთან სახლში. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
შსს-ს 22:30 საათზე მორიგი ბრიფინგი აქვს დანიშნული.
წინა დღეებში შსს-ის ბრიფინგებზე ცნობილი გახდა, რომ არაერთი ადამიანი დააკავეს ოთხი ოქტომბრის საქმეზე.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე 36 ადამიანია დაპატიმრებული.
მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
ინფორმაცია განახლდა
ფორუმი
