„საექსპორტო ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილებია“

„საექსპორტო ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილებია“
„საექსპორტო ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილებია“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ავტომობილებზე ფასებიც სწორედ მოთხოვნამ დაარეგულირა და იმ მოდელებზე, რომელიც პროფიციტულია (ჭარბია მიწოდება), ფასები შემცირებულია და დილერები ზარალზე მიდიან.
“იმ მონაცემების მიხედვით, რაც გვაქვს, მთლიანობაში სხვა სურათს იძლევა, მაგრამ კონკრეტული მოდელების მიხედვით, ვითარება განსხვავებულია. არის ავტომობილები, რომელზეც მოთხოვნა მაღალია, (უფრო ცენტრალური აზიის ქვეყნებში) და არის მოდელები, სადაც პროფიციტულია ბაზარი (ვერ იყიდება). შეიძლება ითქვას, რომ იმ მოდელებთან მიმართებით, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს, კარგი მდგომარეობა გვაქვს, ფასებიც ამის მიხედვით იცვლება. რომელ მოდელებზეც მოთხოვნაა დიდია, იქ ფასები დასტაბილურდა, ხოლო რომელ მოდელებზეც ბაზარი პროფიციტულია, ღირებულება შემცირებულია და დილერები ზარალზე მიდიან.

საექსპორტო ქვეყნებში, კერძოდ, ცენტრალურ აზიაში, ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილებია. ასევე, იაპონური და -დან ჩამოყვანილი ავტომობილები.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ვითარებას, გაყიდვების კუთხით არაფერი შეცვლილა. ოფიციალური მონაცემებით, პირველადი რეგისტრაციით, საშუალოდ, 80-90 ათასი ავტომობილია [გასაყიდი]“,- აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.
კითხვაზე, გაზრდილია თუ არა მოთხოვნა ელექტრომობილებზე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა, წლიდან წლამდე მოთხოვნა იზრდებოდეს, თუმცა საერთო რაოდენობაში მისი წილი მაინც მცირეა.
„შესაძლოა, რიცხვებში ჩანდეს, რომ გაზრდილია მათი იმპორტი 2-ჯერ, მაგრამ მაშინ, როდესაც ჯამში საუბარია ვთქვათ, 4000 ერთეულზე, ეს არაფერია მთლიან მაჩვენებელთან“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 172 907 ერთეული (2.805 მლრდ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. 2024 წლის 9 თვეში ქვეყანაში 155 721 ერთეული მანქანის (2.551 მლრდ აშშ დოლარის) იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება რეექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 82 527 ერთეული (2.003 მლრდ აშშ დოლარის) მანქანები გავიდა, რაც 2014 წლიდან (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2014 წლიდან ქვეყნდება) ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამასთან წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ავტომობილი ყაზახეთში (33 375 ერთეული, 567.460 მლნ აშშ დოლარის), ყირგიზეთსა (31 371 ერთეული, 1.016 მლრდ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (6 367 ერთეული, 170.493 მლნ აშშ დოლარი) გავიდა.
www.bpn.ge