“საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა შემცირებულია” – “ტერმინალი”

საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა შემცირებულია. როგორც „ტერმინალის“ დირექტორმა ჯინო დოლინმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, შემცირებულია როგორც საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე თანამშრომლების, ისე ადგილობრივების რიცხვი.
შედეგად ტერმინალი ამ ეტაპზე გაფართოებას არ გეგმავს და ფილიალების ნაწილში მენეჯმენტ სერვისს ავითარებს.
„მოთხოვნა დაკლებულია, გაუარესდა ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობა. მიმდინარე მოვლენების ფონზე გავიდნენ საერთაშორისო კომპანიები და ვინც დარჩა ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხარჯების შემცირებას. დღესდღეობით სიტუაცია არ არის სახარბიელო.
პანდემიამ კარგად იმოქმედა საერთო სამუშაო სივრცეებზე როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. შემდეგ ამას მოჰყვა რუსეთ-უკრაინის ომი და მიგრანტების შემოდინების ფონზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, მაგრამ დღეს უკვე ნაწილი გავიდა, ნაწილმა ფართი იქირავა და თავისი გახსნა. იგივე ტენდენციაა ბათუმშიც.
არსებული ტენდენციების გათვალისწინებით გაფართოების მხრივ არსებული გეგმები შემცირებულია. ჩვენ მოდელიც შევცვალეთ და შვიდი ფილიალიდან გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე იყოს მენეჯმენტ სერვისის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ ფილიალში ერთ კომპანიას გადაეცემა და მენეჯმენტს სერვისს გაუწევთ, დანარჩენ ოთხში იქნება საერთო სამუშაო და კომუნაზე მორგებული გარემო. ვხედავთ, რომ ევროპაში იგივე ტენდენციაა, რაც ჩვენთან, ზრდის რა მოლოდინიც იყო, ის იგივე შკალაზე არ გაგრძელდა და ბევრი მათგანი გადადის ამ მენეჯმენტურ ფორმატზე.
ფასები დარეგულირებულია, არის 300 ლარიანიც და 500-იანიც, თუმცა საერთაშორისო სტანდარტების სულ რამდენიმე ვართ ბაზარზე და რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მათ დიდ ნაწილს კონკურენტებად არ ვაფასებთ.“ – განაცხადა დოლინმა.