“საერთაშორისო IT კომპანიების ინტერესი საქართველოსადმი სრულად განელებულია” – ასოციაცია

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები IT ინდუსტრიაზეც აისახება, განსაკუთრებით კი იმ სპეციალისტებზე, რომლებიც მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბების კომპანიებს უწევენ – ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
“დღეს ქვეყანაში არ დარჩა სფერო, ბიზნესსექტორი, რომელსაც არსებული მდგომარეობა პირდაპირ თუ ირიბად არ შეეხო. IT ინდუსტრიაც არ არის გამონაკლისი და არც ჩვენი სექტორი, უშუალოდ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრეები გავხდით, ჩემს პრაქტიკაში, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როდესაც IT სექტორი გამოვიდა ქუჩაში, არსებული პროცესების გასაპროტესტებლად”, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.
ასოციაციის ხელმძღვანელი ქვეყანაში საერთაშორისო IT კომპანიების ოპერირებაზე საპროტესტო აქციების გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მიმზიდველი პირობებისა, არასტაბილური ბიზნესგარმო კომპანიებს საქართველოში ჩამოსვლაში აფერხებს. კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 10 თვეში ფინანსთა სამინისტროში “ვირტუალური ზონის პირთა” რეგისტრაციის შემთხვევები შემცირდა.
“ვირტუალური ზონის პირი განსხვავებული კატეგორიის IT კომპანიაა, ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი უცხოელი ინვესტორია, რომლებიც ინტერესდებოდნენ ძალიან აქტიურად საქართველოს იურისდიქციით, რადგან ყველასთვის ცნობილია ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც სახელმწიფოს აქვს დაწესებული. დღეს, ერთი მხრივ, ვთავაზობთ ძალიან საინტერესო და კონკურენტულ საგადასახადო პირობებს და, მეორე მხრივ კი, აღმოვჩნდით არასტაბილურ, ბიზნესისთვის არასტაბილურ გარემოში, არაგანჭვრეტად ვითარებაში, რაც ფარავს იმ იმ უპირატესობას, რომელსაც საქართველო სთავაზობთ.
დღეის მდგომარეობით, “ვირტუალური ზონის პირის” სტატუსი 1297 კომპანიას აქვს, მაგრამ 2021-23 წლებში ეს სტატუსი 192 კომპანიას მიენიჭა, რაც ძალიან საინტერესო რიცხვია. თუმცა რადიკალური კლებაა 2024 წლის 10 თვეში, როცა სამინისტროში დაახლოებით 15-მდე კომპანიის განაცხადი შევიდა. შესაბამისად, თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ კლებას”, – ამბობს კოპალეიშვილი.
ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობის კლებისა, საქართველოს ბიუჯეტში ამ სექტორის კონტრიბუცია მზარდია: “2023 წელს ინდუსტრიამ ბიუჯეტში 86 მილიონი ლარის კონტრიბუცია შეიტანა, 2024 წლის 10 თვეში კი უკვე ფიქსირდება 85-მილიონიანი შენატანი”.
კითხვაზე, რა დაბრკოლებებს ქმნის მიმდინარე პროცესები ქვეყანაში “ვირტუალური ზონის” კომპანიების შემოდინებისთვის, ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღარ განიხილება, მეორე მხრივ კი, განელებულია ინტერესი იმ ინვესტორების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე არ პოზიციონირებდნენ.
“არსებული კომპანიებისთვის, რომლებსაც სტატუსი აქვთ მინიჭებული და ოპერირებენ, არსებობს წუხილი, რომ არასტაბილური ბიზნესგარემო მათთვის რთულად სამართავია. ისინი ფიქრობენ, რომ გარემო ბიზნესის წარმოებისთვის სრულად შეუსაბამოა. კითხვები ჩნდება ფიზიკურ უსაფრთხოებაზეც კი. მოგვიწია დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება, რადგან მოწვეული სტუმრები საქართველოს უსაფრთხო ტერიტორიად ვეღარ განიხილავენ.
ამასთან, იმ კომპანიებს, რომლებსაც ინტერესი უნდა გასჩენოდათ საქართველოს მიმართ – რის გამოც მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად ვაწარმოებდით – ეს ინტერესი დღეს, ფაქტობრივად სრულად განელებულია. ეს წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და შემდეგ განვითარებული პროცესებიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეგატიურად აისახება IT სექტორზე, უბრალოდ სრული ეფექტი ჯერ ასახული და გააზრებული არ არის”, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.