საერთაშორისო IT კომპანიამ შემოსავლების სამსახურს სასამართლოს ორ ინსტანციაში დავა მოუგო – ვზპ ასოციაცია

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების (ვზპ) ასოციაციის ინფორმაციით, საერთაშორისო IT კომპანიამ შემოსავლების სამსახურს სასამართლოს ორ ინსტანციაში დავა მოუგო.

დავის საგანს 2021 წლიდან საგადასახადო პრაქტიკის ცვლილება წარმოადგენს, რა დროსაც კომპანიას, რომელსაც ვზპ სტატუსი 2018 წლიდან აქვს მინიჭებული და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, საგადასახადო უწყების აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად გადასახადი და ჯარიმა დააკისრა.
როგორც ცნობილია, საგადასახადო პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტრო განვლილ პერიოდზე საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიებს რამდენიმე მილიონ ლარს ედავებოდა. აღნიშნული საქმის იურისტის ინფორმაციით, დავა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო ინსტანციამაც.
ვზპ ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მეთოდური მითითებები, რომელსაც კომპანიის დაჯარიმების დროს საგადასახადო უწყება ეყრდნობოდა, წარმოადგენს შიდა უწყებრივი ინსტრუქციას და ის არ არის ნორმატიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი და დაუშვებელია საფუძვლად დაედოს გადასახადის გადახდის შეზღუდვას თუ დაწესებას.
მისივე განმარტებით, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ეწინააღმდეგება სამეწარმეო სამართალს.
“ამ გადაწყვეტილების პრეცედენტული მნიშვნელობა გამომდინარეობს არა იმით, რომ ჩვენმა წევრმა კომპანიამ ეს საქმე მოგებით დაასრულა, არამედ იმით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის მნიშვნელოვანი განმარტებები რომელიც გააკეთა სასამართლომ როგორც ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად საგადასახადო უწყების მიდგომებთან დაკავშირებით. ეს კომპანია ასოციაციის წევრია 2022 წლიდან, ისიც მოექცა იმ აუდიტორულ ტალღაში, რომელიც იმ პერიოდში დაიწყო და დაჯარიმების საფუძველი რეალურად ამ კომპანიის შემთხვევაში გახდა არა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა, რაც ერთ-ერთი საფუძველი იყო საგადასახადო უწყების მიერ სხვა კომპანიებთან მიმართებით, არამედ საგადასახადო უწყებამ მიიჩნია, რომ დივიდენდის სახით გატანილი შემოსავალი ექვემდებარება გადაკვალიფიცირებას და უნდა მოხდეს მასზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
იმ პერიოდისთვის საგადასახადო უწყება სხვადასხვა მიზეზებს იყენებდა და პოულობდა იმისთვის, რომ მომხდარიყო კომპანიების დაჯარიმება, ანუ თუ არ იყო ერთი საფუძველი, მაშინ აღმოჩნდებოდა რაღაც სხვა დამატებითი საფუძველი.
ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებით, პროდუქტის შექმნა არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, კომპანიის ხელმძღვანელი თავად იყო საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, შესაბამისად მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა მიიჩნია შეღავათთან შესაბამისობაში საგადასახადო უწყებამ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პირველი და მეორე მეთოდური მითითების დროს საგადასახადო ორგანო პრინციპულად მიყვებოდა იმ პოზიციას, რომ კომპანიაში უნდა ყოფილიყო დასაქმებულები, ამ საფუძვლით, რადგან ამ კონკრეტულ კომპანიაში არ იყო პროფილური განხრით დასაქმებული სხვა პირები, საგადასახადო უწყებამ მოახდინა კომპანიების დაჯარიმება და რაც დამფუძნებელს ჰქონდა დივიდენდის სახით გატანილი ამ თანხის გარკვეული ნაწილი გადააკვალიფიცირა და დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი.
კომპანიის ხელმძღვანელი თავად იყო დეველოპერი, იხდიდა ხელფასს, ეს ნაწილიც მოწესრიგებული იყო თავად კომპანიაში, თუმცა არასაკმარის ოდენობად მიიჩნია საგადასახადო ორგანომ და მოახდინა კომპანიის დაჯარიმება.
მნიშვნელოვანი განმარტება, რაც სასამართლომ გააკეთა იყო მეთოდურ მითითებაზე, რომელიც საფუძვლად ედო ყველა გადაწყვეტილებას საგადასახადო უწყებაში. ჩვენ თავიდანვე ვაპელირებდით ამაზე, რომ არ შეიძლება, რომ მეთოდური მითითება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ აქტს, სწორედ ამაზე გააკეთა მითითება სასამართლომ, რომ ეს არის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია და ის არ არის ნორმატიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი და პირდაპირ მიუთითა სასამართლომ, რომ დაუშვებელია, რომ გადასახადის გადახდის შეზღუდვას, დაწესებას საფუძვლად დაედოს მსგავსი სახის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია. სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება, რაც გააკეთა სასამართლომ არის, რომ სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში განიხილა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ და სპეციალურ კანონმდებლობასთან მიმართებით აღნიშნული დავა, არამედ დაადგინა კონსტიტუციასთან მიმართებითაც დარღვევა. სასამართლო მიუთითებს კონსტიტუციის 67-ე მუხლზე, სადაც განმარტებულია, რომ ნებისმიერი გადასახადი/მოსაკრებელი, მისი შემოღების, განაკვეთების განსაზღვრის წესი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონით. ეს ასევე წინააღმდეგობაში მოდის სამეწარმეო სამართლის პრინციპებთან”,-აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.
მისი თქმით, სასამართლოს რამდენიმე განმარტებიდან გამომდინარე აღნიშნული საქმე პრეცედენტულია, რომელიც მისი აზრით, მიმდინარე დავებზეც აუცილებლად იქონიებს გავლენას.
რაც შეეხება საგადასახადო უწყებასთან სხვა ვზპ კომპანიების დავებს, ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, რამდენიმე კომპანიას ჰქონდა დავა სასამართლოში, საიდანაც ერთი კომპანიის გამარჯვებით დასრულდა, ერთი დავა პროცესშია და ერთ დავაზე მოხდა სარჩელის გამოთხოვა, რადგან შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა კომპანიის პოზიცია.
“დავები აქტიურ ფაზაში არ არის, რადგან მოხდა გარკვეული განმარტებების გაცემა, მოხდა გარკვეული პრაქტიკის ჩამოყალიბება და ამან გარკვეულწილად დაასტაბილურა კომპანიების ოპერირება ქვეყანაში”,-აცხადებს კოპალეიშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში.