რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველების გვერდით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დგას – გიორგი ქადაგიძე ერთპარტიულ პარლამენტში არჩევნების პროცესს მორიგ ფარსად აცხადებს.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მძლავრი და უწყვეტი პროტესტით, ასევე საერთაშორისო წნეხის გაძლიერებით ივანიშვილის რეჟიმი ბანქოს სახლივით ჩამოიშლება.
“ერთი შეხედვით მძიმე დღეა, რადგან მორიგი ფარსის მომსწრენი ვართ. ვითომ მთავრობა ვითომ პრეზიდენტს ირჩევს. სინამდვილეში ეს არის კლასიკური რუსული ოლიგარქია. ვისაც სევდა შემოგაწვებათ, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ, თუ ისტორიას გადავხედავთ ივანიშვილზე გაცილებით ძლიერი რეჟიმები ბანქოს სახლივით ეცემიან კვირებში და დღეებში. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს თანმიმდევრულად, პროტესტს დავიწყებთ დღისით და საერთაშორისო წნეხი გაგრძელდება, გაცილებით მალე ჩამოვშლით რეჟიმს. უნდა ვიყოთ მხნედ და აუცილებლად მოვერევით. კომენტარს ვერ გავაკეთებ ყაველაშვილის არჩევაზე, კადრებშიც ჩანს მათი სახეები. მათი პიროვნული ტრაგედიაა. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”
აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.
ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ – „საქართველო“.
” ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!” – ამ ლოზუნგით გაიმართა დედების მარში. ქალებს ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.