“საერთაშორისო სტატუსის შემოღებამ თავისი გააკეთა, სექტორის განვითარებისთვის ახალი მიზნები გვჭირდება” – თორნიკე სულაბერიძე

2019-23 წლებში IT სექტორის საგარეო შემოსავლები მზარდი იყო და 2023 წელს 784 მლნ დოლარს მიაღწია, თუმცა გასული წლის 9 თვის შემოსავლებში 22%-იანი კლება იყო. სულ სექტორმა 475 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორი იყო სექტორისთვის მეოთხე კვარტალი ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა.
ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ შემოსავლების შემცირების მოლოდინი სექტორს ჰქონდა, რადგან ამის ფაქტორები ბაზარზე არსებობდა.
მისი თქმით, ბაზარზე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა იზრდება, თუმცა არსებობს პრობლემური საკითხები, რომელიც უნდა მოგვარდეს, იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი პოზიციები შეინარჩუნოს.
“ბინადრობის უფლება პრობლემატურ საკითხად რჩება და არ არსებობს გრძელვადიანი მექანიზმი, რასაც ჩვენ შევთავაზებდით ტექ-სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომ გრძელვადიანად მიიღონ ბინადრობის უფლება. მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე წელი გავიდა ამ საკითხზე და ჯერჯერობით არ გაქვს ამგვარი მექანიზმი.
შეიძლება გარკვეული კლება გვაქვს, მაგრამ საქართველოში ახალი კომპანიები შემოდიან და სტატუსს იღებენ. ზოგადად, საერთაშორისო კომპანიების სტატუსის კანონმდებლობამ თავისას მიაღწია. ის ამოცანები, რაც იყო შესრულდა და დღეს ვართ იმ ეტაპზე რომ დავსახოთ როგორც ქვეყანამ ახალი მიზნები ამ სექტორის განვითარებისთვის და ეს კანონმდებლობის რეფორმირება განვახორციელოთ.
არსებობს პატარა დაბრკოლებები, რაც შეგვიძლია მარტივად მოვაგვაროთ. ერთ-ერთი არის დისტანციური მუშაობის უფლება, დღევანდელი კანონმდებლობით საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიის თანამშრომელს არ აქვს უფლება რომ დისტანციურად ერთი დღე მაინც იმუშაოს საზღვარგარეთიდან, რაც ჩვენს სექტორში საკმაო დისკომფორტს იწვევს. ადამიანებს ზოგჯერ უნდათ რომ ზამთარში თბილ ქვეყნებში წავიდნენ იქიდან იმუშაონ, რაც განაპირობებს იმას, რომ კომპანიებს უწევთ ეს ადამიანები სხვა ოფისებში გააფორმონ და ჩვენი ქვეყანა კარგავს გარკვეულ შემოსავალს, საშემოსავლოს სახით,”- ამბობს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე.