საერთაშორისო სოლიდარობამ მძიმე პერიოდში გამაძლიერა, ახლა მზიას სჭირდება იგივე – მარია რესა

ნობელის პრემიის მფლობელმა ფილიპინელმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ევროპარლამენტში მზია ამაღლობელისა და საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრა. მან ევროპარლამენტარებსა და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ევროპარლამენტის პატივცემულო წევრებო, ვწუხვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ბრიუსელში არ ვარ. მზია ამაღლობელს და მე საერთო ადვოკატი გვყავს, კილიან გალაჰერი, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ევროპარლამენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის, რაც საქართველოში ხდება: სტუდენტები რისკავენ ყველაფერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის; ჟურნალისტები ნათელს ჰფენენ სიმართლეს.
მზია ამაღლობელი იქცა იმ მამაცი პროტესტის სიმბოლოდ, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული საქართველოში. საერთაშორისო სოლიდარობამ მე მძიმე პერიოდში გამაძლიერა და შემახსენა, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ. ახლა მზიას სჭირდება მსგავსი სოლიდარობა. ის იანვრიდან, უკვე 9 თვეა, რაც პატიმრობაშია და მისი კოლეგები აგრძელებენ მუშაობას უზარმაზარი ზეწოლის პირობებში. თუმცა ისინი ამას მარტო ვერ მოახერხებენ. ეს კრიტიკული მომენტია მზიასთვის და საქართველოსთვის. 310 დღეზე მეტია გრძელდება ყოველდღიური პროტესტი.
ღირებულებები, რომლებზეც ევროპა დგას, ახლა თბილისში იტესტება. სიჩუმე სახიფათო მესიჯს აგზავნის. მზია იმსახურებს თქვენს სოლიდარობას, საქართველო იმსახურებს თქვენს სოლიდარობას. მოქმედების დრო არის ახლა. მადლობა”, – განაცხადა მარია რესამ.
დღეს, 14 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია, რომლის სახელწოდებაცაა: „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5 ევროპარლამენტარი მასპინძლობს: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.