საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს უთხრა, არ ხართ დამოუკიდებელი და გახდითო – ვასილ რევიშვილი (BMG)

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს უთხრა, არ ხართ დამოუკიდებელი და გახდითო“ – ეს გზავნილი ამოიკითხა ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა სავალუტო ფონდის მისიის წინასწარი მიგნებებიდან, სადაც ერთ-ერთი ქვეთავი სწორედ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და გაძლიერებას ეხება.
კერძოდ, მართალია, IMF მიესალმება სებ-ის საბჭოში ვაკანსიების შევსებას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე უნდა ფოკუსირდეს: „(I) უზრუნველყოს საბჭოში არა-აღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა (II) მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს და (III) ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა“.
ვასილ რევიშვილის შეფასებით, IMF-მა სებ-ს მთავარ გამოწვევებზე საკმაოდ მკაფიოდ მიუთითა.
„მომეწონა ალეჰანდრო ჰაჟდენბერგისი, რომელიც საქართველოსთან მეოთხე მუხლით გათვალისწინებულ IMF-ის მისიას ხელმძღვანელობდა. ის არაა დიპლომატი; საკმაოდ ძლიერი ეკონომისტია და სებ-ზეც საინტერესოდ მოჰყვა – თითქოს არაფერი კონკრეტული არ ახსენა, მაგრამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. მან აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში გადაწყვეტილება მიიღება ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიერ და არ ხდება ყველაფრის ცენტრალიზება, ე.ი. დემოკრატია არსებობს ან [პირიქით]. სწორედ ამაზე მიანიშნა სამ პუნქტით, რომელიც [IMF-ის პრესრელიზში აისახა] ანუ ზუსტად თქვა – თქვენ არ ხართ დამოუკიდებელი და გახდით დამოუკიდებელი ინსტიტუციაო“, – განაცხადა ფინანსისტმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ფინანსისტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა IMF-ის პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რადგან როგორც ცნობილია, მიმდინარე პროგრამა შეჩერებულია და სავარაუდოდ, მიმოხილვის გარეშე დასრულდება, ხოლო ახალ პროგრამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჯერჯერობით, არ ითხოვს.
„IMF-ის მთავარი როლი განვითარებადი ქვეყნისთვის ისეთივეა, როგორც კომპანიისთვის აუდიტი ანუ დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც სწორ, ობიექტურ შეფასებას წერს, რა ხდება ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ვასილ რევიშვილმა IMF-ის რეკომენდაციების შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის მიგნებების იმ ნაწილზე, სადაც საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ „რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი, მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა შეიტანეს. ტურიზმი აღდგა და თავის კოვიდამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა“.
„IMF თავის პრესრელიზში არ ახსენებს მთავრობის ხარჯვას, მაგრამ ვფიქრობ, მათი მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ შარშანდელი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მოხმარება იყო, არის მთავარი მიგნება“, -განაცხადა ვასილ რევიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თუ ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები არ შეიცვალა, შეიძლება, ეკონომიკის მდგრადი ზრდა ვერ გაგრძელდეს.
„დავიძინეთ; დილით გავიღვიძეთ და ეკონომიკური კრიზისია, ასე არ ხდება… მაგრამ ასეთი ტიპის ეკონომიკით მდგრადობა დიდი ხანი ვერ შენარჩუნდება“, – ამბობს ფინანსისტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკად იზოლაციის საფრთხე მიაჩნია.
„ძალიან მეშინია იზოლაციის. მეშინია, ეკონომიკური გარემო ისე არ გაუარესდეს, რომ არავის ჩვენკენ გამოხედვა არ უნდოდეს, იმპორტიორსაც – კი“, – აცხადებს ვასილ რევიშვილი.
„წერტილთან“ ინტერვიუში ფინანსისტმა სტრუქტურული რეფორმებთან მიმართებით IMF-ის რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ რეალური რეფორმების გატარებას დაიწყებს.
„დღესდღეობით, „ოცნების“ მდგომარეობაში, იმ რეფორმებს, რომლისკენაც IMF მოუწოდებს, არ გავატარებდი, რადგან ის რეფორმები გრძელვადიანია. მათ კი სჭირდებათ მოკლევადიანი შედეგები, ამიტომაც არის გაზრდილი მნიშვნელოვნად სახელმწიფოს ხარჯვა“, – დასძინა ვასილ რევიშვილმა.
Bm.ge