საერთაშორისო პენცენტრი პოეტ ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვს

საერთაშორისო პენცენტრი (PEN International) საქართველოს მთავრობას მიმართავს დაპატიმრებული პოეტის, ზვიად რატიანის გათავისუფლების მოთხოვნით. პენცენტრი ასევე ითხოვს მსგავსი ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
პირველ ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო პენცენტრი (მუშაობს 1921 წლიდან) და „პენ საქართველო“ (ფუნქციონირებს 1991 წლიდან) წერენ, რომ რატიანს „დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო“. განცხადებას ასევე შეუერთდა Pen America-ც.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
· ზვიად რატიანი, – რომელსაც პენცენტრი უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველი პოეტსა და მთარგმნელს, – 2025 წლის 23 ივნისს დააკავა პოლიციამ მას შემდეგ, რაც მან პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელს სილა გააწნა.
· მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 25 ივნისს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და პატიმრობაში რჩება.
· მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აგვისტოსაა დანიშნული.
რატიანის სისხლის სამართლის წესით დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვეს ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.
პენცენტრი აღნიშნავს რატიანის დაკავების წინაისტორიას – ის 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში პოლიციამ სასტიკად სცემა.
„რატიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის ცხვირის და ზურგის მოტეხილობები. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2024 წლის 2 დეკემბერს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გათავისუფლების შემდეგ რატიანს საკუთარ სახლთან ისევ სცემეს უცნობმა პირებმა. მანამდე, 2017 წელს პოლიციასთან ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, რასაც პატიმრობა მოჰყვა, ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ავსტრიაში ეცხოვრა“, – წერია პენცენტრის განცხადებაში.
PEN International-ი ასევე წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლება საგანგაშო ტემპით იღებს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, ასევე სამიზნედ ირჩევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან“.
„PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პენცენტრი პირველი ივლისის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ რატიანის გარდა, „უსამართლოდაა წინასწარ პატიმრობაში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“. მისთვის წაყენებული ბრალი იდენტურია – პოლიციელზე თავდასხმა, რასაც დამოუკიდებელი იურისტები შეუსაბამოდ და არაპროპორციულად მიიჩნევენ.
ფორუმი