[საერთაშორისო პარტნიორების] ნაწილმა საქართველოში კონფერენციაზე ჩამოსვლისგან თავი შეიკავა – “თბილღვინოს” დირექტორი

კომპანია “თბილღვინო” წინანდალში საერთაშორისო პარტნიორების კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. როგორც “თბილღვინოს” აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი “საქმის კურსის” ეთერში აცხადებს, კონფერენციაზე მეტი სტუმარი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ნაწილმა ქვეყანაში მიმდინარე ვითარების გამო ვიზიტი გადადო.

“წელს შედარებით განსხვავებული წელი გვაქვს, უფრო მეტ პარტნიორს ველოდებოდით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველამ ვერ შეძლო ჩამოსვლა.

ნაწილმა [პოლიტიკური არეულობის] მიზეზით შეიკავა თავი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ პარტნიორს ჩამოვიყვანთ და ვაქცევთ საქართველოს გულშემატკივრად. ესენი არიან მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან, ძლიერ ღვინოებს ყიდიან”, – განაცხადა “თბილღვინოს” დირექტორმა.

“თბილღვინოს” პარტნიორთა კონფერენციის მიზანი, როგორც ამას ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, საერთაშორისო კომპანიებისათვის ქართული მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა და გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობაა.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, 2025 წელს “თბილღვინოს” მიზანი, როგორც უკვე ათვისებულ ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება, ასევე ახალი საინტერესო ბაზრების ათვისება იქნება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ბაზრებზე პოზიციები შევინარჩუნოთ, რადგან საკმაოდ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლები იყო, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდგომი პერიოდი. ძალიან დიდი კონკურენციაა მსოფლიოში, განსაკუთრებით დაბალფასიანი ღვინოებში. საქართველო, როგორც ტერიტორიულად მცირე ქვეყანა, არის უნიკალური და ნიშური და ამიტომაც უნდა შევეცადოთ, რომ ადგილი დავიკავოთ იქ, სადაც მაღალი კატეგორიის და საინტერესო ღვინოები იწარმოება.

ჩვენი გეგმებია, რომ წელს კიდევ უფრო გავძლიერდეთ ბრიტანეთში და წლევანდელ კონფერენციას, ჩვენს ბრიტანელ პარტნიორთან ერთად, ესწრება ბრიტანული საკომუნიკაციო სააგენტო, რომელიც არამარტო “თბილღვინოს”, არამედ საქართველოს და ქართული მეღვინეობის ცნობადობის ამაღლებითაა დაკავებული, ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბაზრები, როგორებიცაა ბრიტანეთი, გერმანია, . გასული წლის ბოლოს პირველი გადატვირთა სამხრეთ კორეაში გავაკეთეთ და გვინდა, რომ მეტი რესურსები დაიხარჯოს მაღალგანვითარებული მეღვინეობის მოხმარების ქვეყნებში”, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

კომპანიის პროდუქცია გლობალურად 25-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. “თბილღვინოს“ პორტფელში დაახლოებით 30 დასახელების ღვინოა, საიდანაც 8 სახეობის ღვინის ღირებულება საექსპორტო ბაზრებზე, დახლზე 20 დოლარიდან დაიწყება და 100 დოლარს სცდება.