საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ნება დართო, მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იტყობინება.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ინდივიდუალურ ნეიტრალურ სპორტსმენებს უფლება ექნებათ იასპარეზონ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესაბამისად. რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები.სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მარტში, IOC-მა გამოაცხადა, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს მხოლოდ ინდივიდუალურ სპორტში შეეძლებათ ასპარეზობა და არა გუნდურში. ისინი ასევე უნდა გამოვიდნენ ფორმებზე ქვეყნის სიმბოლოების გარეშე, არ უნდა იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და არ უნდა უჭერდნენ მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს.
უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსირებული ტერიტორიებიდან სპორტული ორგანიზაციების რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტში ჩართვის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებში, IOC-მა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს წევრობა შეუჩერა.