ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართული II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გრძელდება. კონფერენციის მეორე დღე UNCTAD-ის სესიით, სახელწოდებით – “მომხმარებლის დაცვის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები ელექტრონული კომერციის სექტორში” გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD – ტერესა მორეირამ მიმართა. მან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სფეროს განვითარებისთვის ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება აუცილებელია. ტერესა მორეირამ UNCTAD-ის საქმიანობის ფარგლებში, მომხმარებელთა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და სესიაზე დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით საერთაშორისო გაიდლაინები გააცნო.
“დღევანდელ სესიაზე ჩვენ ძალიან სერიოზულ საკითხებს განვიხილავთ, რითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გამოწვევები, რომლებიც ელექტრონული ვაჭრობის მხრივ არსებობს, როგორიცაა ციფრული გადახდები და კიბერუსაფრთხოება საკმაოდ აქტუალურია. ვფიქრობ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ტერესა მორეირამ.
მისივე განცხადებით, ელექტრონული კომერციის სექტორში თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებელთა განათლების ამაღლებაა.
„საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე, ელექტრონული ვაჭრობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრების გზებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკუთარ გამოცდილებებზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოლონეთის, ლიეტუვას, უნგრეთის, საბერძნეთისა და აზერბაიჯანის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებით დანიელ მანკოვსკი, გოდა ალექსაიტე, იზაბელა სობოსზლაი, ჰარა ნიკოლოპულუ და ელნურ ბაგიროვი წარდგნენ. მათ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელს, ირაკლი ლექვინაძეს აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომხმარებელთა დაცვის სფეროში საკუთარი ქვეყნის გამოცდილება წარუდგინეს. გამომსვლელებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორად ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა დაასახელეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ხუთი მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია – ” კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები” , რომელშიც 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, 16 ნოემბერს გაიხსნა და 18 ნოემბერს დაიხურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.