გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება, – ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული.
„ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners -ში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“.
„ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია.
„საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების“ შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან“.
„საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
