აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავამ კომენტარი გააკეთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რეზოლუციის –‘თანამშრომლობა საქართველოსთან’ – მიღება და მასთან დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილს, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაციისკენ. კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ იყენებენ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ერთმხრივი და მიკერძოებული პოზიციის გასატარებლად. რეზოლუციაში გამოყენებული ტერმინები – ‘ოკუპაცია’, ‘უკანონო სამხედრო კონტროლი’ არანაირ კავშირში არ არის რეალობასთან და ამახინჯებს ისტორიულ, პოლიტიკურ და იურიდიულ ვითარებას,“ – ნათქვამია ბიგვავას კომენტარში.
მისივე თქმით, “აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო, რომლის დამოუკიდებლობის უფლება განისაზღვრა ხალხის თავისუფალი ნების შედეგად”.
“რუსეთი, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, რომელიც აფხაზეთს ლეგიტიმურ მხარდაჭერას უწევს. „ადამიანის უფლებათა დარღვევების“ თაობაზე გამოთქმული შეშფოთება და „საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების“ მოთხოვნა პოლიტიკური ზეწოლის იარაღია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში და არა იმათი დიქტატით, ვინც თვალს ხუჭავს საქართველოს აგრესიულ პოლიტიკაზე, მათ შორის მის უარყოფაზე ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას”.
