“ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერას ზღუდავს, მათ შორის დევნილებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური თუ ჯანდაცვითი პროგრამები შეაჩერა – ამ და დევნილების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების შესახებ ვესაუბრეთ ნანკა გოგოხიას, უფლებადამცველსა და დევნილთა საკითხების მკვლევარს, რომელიც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებასა და მისი ეფექტური განხორციელების მიმართულებით მუშაობს.
ახალი კანონები და რეალობა
“ახალმა კანონებმა უკვე ხელი შეუშალა მხარეთა დიალოგს. 2025 წლის 16 აპრილამდე არსებული არაერთი შესაძლებლობა, რომელიც არაფორმალურ დიალოგს უწყობდა ხელს, დღეს აღარ არსებობს. დიალოგის გაგრძელება კიდევ უფრო გართულდება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანის უსაფრთხოებას უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები აფერხებს ნდობის აღდგენის პროცესს.
ამასთან, ეს კანონები აფერხებს დევნილი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს. ამ წუთას, ჩვენი საუბრის დროს, ალბათ მხოლოდ ერთი პროგრამა მოქმედებს — გაეროს ქალთა ფონდის, რომელიც ქალების საჭიროებებზეა ორიენტირებული. სხვა პროექტები იწურება და ახალზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს.
როცა საერთაშორისო დონორების პროექტებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამედიცინო სერვისებზე წვდომაზე, დევნილთა კლინიკების აღჭურვაზე, სამედიცინო მობილური ჯგუფების ვიზიტებზე დევნილთა დასახლებებში, მუნიციპალურ დონეზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე, დევნილთა ცნობიერების ამაღლებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და ა.შ. — ეს ძალიან დიდი ინტერვენციები იყო, მაგრამ არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონორები მათი გაგრძელების გეგმას აღარ განიხილავენ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამ ყველაფერს თავად ვერ მოახერხებენ”.
დევნილთა განსახლება – როგორც დევნილების ნომერ პირველი პრობლემა
“საქართველოში წლების განმავლობაში არ არსებობდა დევნილთა განსახლების პოლიტიკა. მხოლოდ 2007 წელს, დევნილთა სამინისტრომ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, შეძლო პირველი პოლიტიკის შემუშავება და მიღება.
პირველი ინტერვენციებიც სწორედ საერთაშორისო დონორების მხრიდან განხორციელდა, თუმცა, როცა დონორებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფოს შეეძლო თავად აეღო ამ საკითხზე პასუხისმგებლობა, მათ თანდათანობით დაიხიეს. სამწუხაროდ, მოლოდინები ნაკლებად გამართლდა.
დევნილებიც კი ხშირად აღნიშნავენ, რომ უხერხულია, 32 წელი ერთსა და იმავე ტკივილზე საუბრობდე. მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფომ ამ ხნის განმავლობაში ვერ გადაჭრა დევნილთა გამოწვევები. ეს უნდა იყოს დაფიქრების საბაბი — დაფიქრდეს სახელმწიფო, რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, რომ კიდევ მომდევნო 32 წელი არ გაგრძელდეს ეს მდგომარეობა. წლები გადის, ადამიანები კი გარდაიცვალნენ ისე, რომ სახელმწიფომ მათი განსახლება ვერ მოახერხა.
დღეს დევნილებისთვის არსებული გამოწვევები მრავალფეროვანია, სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ განსახლების პროცესით, თუმცა, განსახლება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება მათთვის.
დიახ, სახელმწიფოს წლებია აქვს განსახლების პოლიტიკა, თუმცა ეს პროცესი იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ დევნილთა ნახევარზე მეტი — დაახლოებით 45 ათასი ოჯახი — კვლავ განსახლების მოლოდინშია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკა საჭიროებს განახლებას — ახალი მექანიზმების შემუშავებას, რათა განსახლების პროცესი დაჩქარდეს. მეტიც, მაგალითად, წყალტუბოში სანატორიუმებში, რომელიც ძირითადად უკვე დაცლილია დევნილებისგან, კვლავ რჩება რამდენიმე ოჯახი, და ესეც გამოწვევაა, ეს მიუთითებს განსახლების პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებზე, დისკრიმინაციულ მიდგომებზე. იგივე სურათი დაგვხვდა ზუგდიდშიც, სადაც ერთ-ერთ ობიექტში მცხოვრები დევნილების ნაწილი კვლავ განსასახლებელია. საინტერესოა, რატომ ხდება ერთსა და იმავე მძიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტში მცხოვრები ნაწილების განსახლება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ხდება ისე, რომ სხვა დევნილები იკავებენ უკვე განსახლებულ ობიექტებს”.
დევნილების ხედვა ქვეყნისა და საკუთარი მომავლის პერსპექტივაზე დღევანდელი პოლიტიკის კონტექსტში
“სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ იზრუნოს არა მხოლოდ დევნილთა განსახლებაზე, არამედ გააუმჯობესოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაბრუნებამდე და ხელი შეუწყოს მასპინძელ თემში მათ ჩართულობას. სამწუხაროდ, დღეს დევნილთა თემი — მათ შორის ისინიც, ვინც უკვე განსახლებულია — ნაკლებად არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის დევნილთა პოლიტიკის შექმნასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
დღეს დევნილები დისტანცირებული გახდნენ მიმდინარე პროცესებისგან — როგორც სახელმწიფოში, ისე საზოგადოებაში. მუდმივად განსახლების მოლოდინში არიან და არსებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ ისინი იყვნენ ჩუმად და არ ჩართულიყვნენ აქტიურად მიმდინარე პროცესებში. მათ არ ეკითხებიან, როგორ წარმოუდგენიათ მშვიდობის მშენებლობა, ნდობის აღდგენა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია. ისინი არ მონაწილეობენ იმ სოციალურ თუ სხვა პროგრამებში, რომლებიც მათ მდგომარეობას უნდა აუმჯობესებდეს. როცა ვსაუბრობთ რესურსებზე, არ ვგულისხმობთ მხოლოდ მატერიალურს — სახლის დაკარგვას. აქ იგულისხმება სოციალური კონტაქტები და ადამიანური კაპიტალი, რაც რეინტეგრაციის პროცესს აჭიანურებს და ართულებს მათ ხელახლა ფეხზე დადგომას.
დევნილებს დღეს ძალიან კარგად ესმით მშვიდობის ფასი, მაგრამ ისინი არ არიან ადამიანები, ვისაც ფუჭი ომის ნარატივით შეიძლება შეშინება. მათ ესმით, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირების არქონა — მშვიდობაა, როცა შეგიძლია თავისუფლად წახვიდე საკუთარ სახლში,ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გქონდეს ძლიერი ეკონომიკა, გქონდეს უსაფრთხო გარემო შენი შვილებისთვის”.
