„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ საქართველოს შესახებ რეზოლუციით ხელისუფლებას მოუწოდებს უმრავლესობის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას

„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ საქართველოს შესახებ რეზოლუციით ხელისუფლებას მოუწოდებს უმრავლესობის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი“ „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა შემოღებას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერების და საზოგადოებრივი კონტროლის შესამცირებლად მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს სრული მიტაცების და დემოკრატიული ინსტიტუტების, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის ეროზიის შემდეგ, რაც აშორებს ქვეყანას დასავლეთისგან და ძირს უთხრის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.
რეზოლუციის ტექსტს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე წინააღმდეგობა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიმართ. კანონი მიზნად სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ისახავდა, საქართველოში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
„საერთაშორისო დემოკრატიის კავშირის რეზოლუცია საქართველოს შესახებ
5 აპრილი 2024, ველინგტონი, ახალი ზელანდია:
„ქართველი ხალხის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არაერთხელ გამოვლენილი მტკიცე ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით;
ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციაში აღნიშნული 9 ნაბიჯის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმულია შესაბამისი რეფორმების განხორციელების აუცილებლობა, რათა აღმოიფხვრას დეზინფორმაცია და მანიპულირება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება საქართველოში;
ვინაიდან, 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე წინააღმდეგობა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას საქართველოში;
ვინაიდან, IDU მხარს უჭერდა და მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ არსებითი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების დათქმით;
ვინაიდან, რუსული ტიპის „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი შემოღება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნისთვის აღებულ ვალდებულებას;
საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი:
მიესალმება ქართული საზოგადოების მტკიცე ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის;
ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების მზარდი ავტორიტარული ტენდენციებით, რაც აისახება მის ძალისხმევაში, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოება და გააძლიეროს ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია;
„უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა შემოღებას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერების და საზოგადოებრივი კონტროლის შესამცირებლად მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს სრული მიტაცების და დემოკრატიული ინსტიტუტების, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის ეროზიის შემდეგ, რაც აშორებს ქვეყანას დასავლეთისგან და ძირს უთხრის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს;
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას, დემოკრატიულ განვითარებაზე მიმართული საერთაშორისო დახმარების შეწყვეტას და საქართველოს შეიყვანს ავტორიტარული ქვეყნების რიგებში;
კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ნაბიჯები – დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი და 2023 წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული .
როგორც კონსერვატიული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალების გლობალური გაერთიანება, IDU კვლავ გამოხატავს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის.” – წერია რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის კონსერვატიული და მემარჯვენე-ცენტრისტული გლობალური პოლიტიკური ალიანსი, რომელიც აერთიანებს 80-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიას 60-ზე მეტი ქვეყნიდან. გაერთიანება მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის, აფრიკის, კარიბის და ლათინური ამერიკის რეგიონალურ კავშირებს, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ კავშირებს. ალიანსის შემადგენლობაშია ევროპის სახალხო პარტიაც (EPP). “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ IDU-ის წევრია 2007 წლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ