16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
მისი თქმით, 9 იანვარს განხორციელებული თავდასხმა იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ძალებზე ათწლეულების განმავლობაში.
„ისინი ესროდნენ ჩვენს გემებსა და მეზღვაურებს. ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ფლოტზე ათწლეულების განმავლობაში და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ თავდაცვის მიზნით, გაერო-ს წესდების შესაბამისად და თავისუფლების დასაცავად, როგორც დიდი ბრიტანეთი ამას ყოველთვის აკეთებდა“, – აღნიშნა სუნაკმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დარტყმები იყო „შეზღუდული“ და „მიზანმიმართული“, რათა შემცირებულიყო „ჰუსიტების“ შესაძლებლობები შემდგომი თავდასხმების განსახორციელებლად და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილიყო.
„საერთაშორისო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებმა საფრთხის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. მათ ერთი ეკიპაჟი მძევლად ჰყავდათ თითქმის ორი თვის განმავლობაში და ისინი იწვევენ მზარდ ეკონომიკურ შეფერხებას“, – განაცხადა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან სცადა საკითხის გადაჭრა დიპლომატიური გზით და თქვა, რომ „ჰუსიტებს“ მიეცათ „მკაფიო და ცალსახა გაფრთხილება“. ამასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭომ უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰუსიტების“ თავდასხმებს.