„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – პარლამენტმა არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია გვაწვდიდა

2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა.
პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია გვაწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.
2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა „ხალხის ძალის” სახით, პარლამენტს წარუდგინეს ე. წ “რუსული კანონი” რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3“,-აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ამასთან, ნათქვამია, რომ შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს.
„2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა; კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული; შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა). დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება, პარლამენტის წევრთა აქტიურობას, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი.
„ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეება, პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვების, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვების 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს);
„2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა. პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო; უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;
პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”;
მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს); საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტროზე ზედამხედველობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით). სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა არსებობდეს ექსპერტთა დამოუკიდებელი საბჭო.
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასება იხილეთ ბმულზე.