„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია – ჯამური ხარჯების 53% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია – ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა “ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით.
მათივე ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან – მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).
„კვლავ შეშფოთებას იწვევს სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში. დონორების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოწირულების პარალელურად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს და სუბსიდიებს იღებენ. ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა ის წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროვებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს, რითიც საბოლოოდ ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას.
პარტიების შემოსავლები და ხარჯები
წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება და შემოწირულება) მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 94% (17,7 მილიონი ლარი) შემოწირულებებზე მოდიოდა, 6% (1 მილიონი ლარი) კი — სახელმწიფო დაფინანსებაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 17,8 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 6 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 34%) „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა, 5,6 ლარით მეორე ადგილზე პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის”, ხოლო მესამეზე – 5.1 ლარით „ძლიერი საქართველო”.
განსხვავებული ვითარებაა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების კუთხით, ამ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი შემოწირულება მიიღო, ვიდრე სხვა დანარჩენმა პარტიებმა ერთად აღებული. ყველა პარტიამ ჯამში 25.3 მლნ ლარი მიიღო, აქედან „ქართული ოცნებას“ 13.4 მლნ ლარი შესწირეს (53%), „ძლიერი საქართველოს“ – 5.4 მლნ ლარი (21%), ხოლო „კოალიციას ცვლილებისთვის“ 5 მლნ ლარი (20%).
წლის დასაწყისიდან შემომწირველთა 40%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო ხელფასია საქართველოში (17,000 ლარი ხელზე). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 84% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა რეკლამაზე 17.7 მილიონი ლარი დახარჯეს, რომლის 47% (8.3 მილიონი ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა; შემდეგ ადგილებზე „ძლიერი საქართველო“ (4.5 მილიონი ლარი) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (4.1 მილიონი ლარი) არიან.
პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები
მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში 684 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა შემომწირველებმა 2024 წელს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 3.1 მლნ ლარი გაიღეს.
აღსანიშნავია შპს „გზას“ შემთხვევა, რომელმაც 2023-2024 წლებში 226 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველს და 2024 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. მან და მისმა მეწილემ – მალხაზ დუმბაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 75 ათასი ლარი შესწირეს, 2013-დან კი 621 ათასი ლარი აქვთ ჯამურად შეწირული.
„ქართული ოცნების“ შემომწირველია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 32 ბენეფიციარი, რომლებმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას” 1.6 მლნ ლარი შესწირეს. 2014-2020 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ჯამში 7.4 მლნ ლარი აქვთ მიღებული.
„ქართული ოცნების“ 51 შემომწირველს 2014-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროექტებიდან 71 მლნ ლარის სუბსიდია აქვს მიღებული. სანაცვლოდ, აღნიშნულ წლებში მათ მმართველ პარტიას 7.7 მლნ ლარი შესწირეს; აქედან 2 მლნ ლარი — 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში.
ყველაზე მეტი თანხა მეღვინეების, ზურაბ და ალექსანდრე ჩხაიძეების კომპანიებმა მიიღეს – 16 მლნ ლარი. მათ „ქართული ოცნებისთვის“ 320,000 ლარი აქვთ შეწირული.
10 მლნ ლარამდე სუბსიდია მიიღეს შპს Bolero & Company-მ და შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებამ“, რომლის დირექტორებს, დავით ბოჭორიშვილს და ირაკლი ბექაურს მმართველი პარტიისთვის 347,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნული ორი კომპანიის მფლობელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.
ბიძინა ივანიშვილთან ნათესაური ან ბიზნეს კავშირის მქონე პირებმა 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას” 425,000 ლარი შესწირეს.
წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხას ერთსა და იმავე დღეს სწირავს. 2024 წლის 10-11 ივლისს შპს „ნოვას“ ხუთმა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ 282,000 ლარი შესწირა. „ნოვამ“ 2023-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 9.2 მლნ ლარი მიიღო; პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ კი 1.1 მლნ ლარი აქვს მიღებული. 4 და 12 ივლისს შპს „ლილო-მოლის“ 13-მა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 558,000 ლარი შესწირა.
პარტიებზე ზედამხედველობა
ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის 24 სექტემბერის გადაწყვეტილება, რომლითაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და მის აღმასრულებელ დირექტორს – ეკა გიგაურს „განცხადებული საარჩევნო მიზნების” მქონე სუბიექტის სტატუსი მიენიჭათ, კანონსაწინააღმდეგო და უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო, რომლის შედეგადაც ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც პარტიების ფინანსური ზედამხედველი ორგანოს მიმართ ნდობა აღარ არსებობს.
პრემიერ-მინისტრის საჯარო დავალებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ თავისი გადაწყვეტილება გააუქმება კიდევ უფრო აძლიერებს არგუმენტებს, რომ ბიურო გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არ იღებს.
მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის გამჭვირვალობის სტანდარტები დღითიდღე უარესდება. ბიუროს არ გამოუქვეყნებია წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში, გაუარესებულია წვდომა პარტიების მიერ წარდგენილ დეკლარაციებზე, დღემდე არ არსებობს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების ან შემომწირველების მიმართ დასრულებულ ან მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეების წარმოებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი