„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას იწყებს! – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, “ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა – აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება დაემატა, სრულიად ახალ განზომილებაში გადავიდა.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ მისთვის მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
რამდენიმე ხნის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ არიან წარმოდგენილი, ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის მიზნები და ამოცანები საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს. სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, არამედ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე შეიძლება იქნენ დაპატიმრებული.
„ქართული ოცნების“ სტრატეგია ნათელია: მათი მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში. ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს“, – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.