„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზვიად ქორიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით სასამართლოს და პროკურატურას მიკერძოებულობასა და უმოქმედობაში, ხელისუფლებას კი „მოძალადე მხარდამჭერების მფარველობაში“ ადანაშაულებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე იანვარში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სასამართლოს და პროკურატურას მიკერძოებულობასა და უმოქმედობაში, ხელისუფლებას კი „საკუთარი მოძალადე მხარდამჭერების მფარველობაში“ ადანაშაულებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარია ქორიძეზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში მოხდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს. თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სამხარაძე – ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ: გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. გოჩა სამხარაძე – სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავი და თანმხლები პირის მძღოლი და რამდენიმე სხვა პირი. ზვიად ქორიძე ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და აკვირდებოდა სასამართლო პროცესს პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე“-ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის განმარტებით, აჭარის პროკურატურამ საქმეზე გარკვეულ მოქმედებებს მას შემდეგ მიმართა, რაც „გამჭვირვალობამ“ ამ საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა.
„პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ბრალი წაუყენა მხოლოდ ერთ პირს – გოჩა სამხარაძეს, რომელმაც ხელი დაარტყა ქორიძეს. დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძესა და ჯგუფის სხვა წევრებს ბრალდება არ წარდგენიათ. პროკურორის დადგენილებაში ზვიად ქორიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა ძალიან მოკლედ და დამახინჯებული სახით იყო აღწერილი. ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ. პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ ზვიად ქორიძის საქმე არის სიმბოლური.
„ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან. მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით. დიქტატორული რეჟიმი არა მხოლოდ ამძიმებს წნეხს მათზე, ვინც ეწინააღმდეგება უთანასწორობასა და უსამართლობას, არამედ ხელს აფარებს მათ, ვინც თავისი ძალადობრივი ქმედებებით ამ რეჟიმს ამყარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.