გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო უფლებადამცველი და კორუფციის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გააუქმოს დაგეგმილი ცვლილებები „გრანტების კანონში“ და „გააუქმოს ყველა წინა შემზღუდველი კანონი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 15 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან დაანონსებული ახალი ზომებით, რომლებიც „პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უნარს, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლო როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“.
ორგანიზაცია გამოყოფს ახალ წესებს, რომლებიც მომზადებულია „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების სახით და მოითხოვს მთავრობის წინასწარ თანხმობას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მისაღებად.
„ეს სიახლე ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას, რაც გამოხატულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ათწლოვან კონსოლიდაციაში“.
„იმის ფონზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის კონტროლს ექვემდებარება, კორუფცია ინსტიტუციონალიზებულია, კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა შესუსტებულია“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ახლა „მიზანში ამოიღო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იცავენ გამჭვირვალობას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ „მკაცრად გმობს“ ამ ნაბიჯებს და დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.
გერმანული ორგანიზაციის განცხადებით, მისმა ქართულმა პარტნიორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უნდა შეძლოს თავისუფლად მოქმედება კორუფციასთან საბრძოლველად და კეთილსინდისიერების ხელშეწყობისთვის.
„წლების განმავლობაში იგი ამხელდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციასა და არჩევნების მანიპულირებას, ხოლო ამის შედეგად იგი მუდმივად იყო [„ქართული ოცნების“] სამიზნე. დღეს ნათელია, რომ ეს რეპრესიული კანონები შექმნილია სწორედ ასეთი ორგანიზაციების გაჩუმებისთვის“.
ამჟამად „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი იღებს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში. ამ ცვლილებებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საგარეო გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.
დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უწოდეს „ქართველი ხალხის დევნის აქტი“.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უმრავლესობისთვის საერთაშორისო გრანტების მიღება დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა.
ეს უკვე მეოთხე საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ფორუმი
