ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის ECMT ელექტრონული ნებართვების განახლებული ციფრული სისტემა საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავებისთვის ძალაში 2025 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, სისტემა უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნებს შორის პროცედურების გამჭვირვალობას და სტანდარტიზაციას, მისი დანერგვა კი სავალდებულო გახდება ECMT ნებართვებით სატრანსპორტო ოპერაციების აღრიცხვისთვის.
TCRC-ს ინფორმაციით, საქართველომ, როგორც შეთანხმების მონაწილე სახელმწიფომ, წარმატებით განახორციელა აღნიშნული სისტემის ადაპტაცია, შესაბამისად, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ECMT მრავალმხრივი ნებართვებისა და შესაბამისი სააღრიცხვო წიგნების გაცემა, გამოყენება, კონტროლი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა პროცედურა სრულად ელექტრონულად განხორციელდება.
„აღნიშნული სისტემის გამოყენება სავალდებულოა იმ გადამზიდავებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ან გეგმავენ 2026 წელს ECMT მრავალმხრივი ნებართვის მიღებას და გამოყენებას.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სატვირთო გადაზიდვების მრავალჯერად ECMT ს ნებართვებს, იგი მოთხოვნადია, 2019 წლიდან საქართველო სრულად ითვისებს გამოყოფილ კვოტებს.
2025 წლისთვის გამოყოფილი 1498 ერთეული ნებართვა საქართველომ სრულად აითვისა, მათ შორის 1171 ერთეული ნებართვა ერგო ევრო 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 327 ერთეული ევრო 5 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს.
ბოლო 10 წელიწადში საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული პარკი მნიშვნელოვნად განახლდა და ჩანაცვლდა ევრო 6 ტიპის ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით.
ევრო 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ჩანაცვლების პროცესის თანხვედრა, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ECMT-ის ელექტრონული ნებართვების ახალი ციფრულ სისტემის ამოქმედებასთან, ქვეყნის გადამზიდავებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე დაუბრკოლებლივი შეღწევადობის თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს“,- განმარტავს TCRC.
TCRC-ი აღნიშნავს, ახალ სისტემაზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველსაყოფად, თითოეული მონაწილე ქვეყანა რეკომენდაციას უწევს, მის მარეგულირებელ ორგანოს ელექტრონული ნებართვებით გადაზიდვების შემოწმებისთვის მინიმუმ სამთვიანი გარდამავალი პერიოდი დაადგინონ.
„ამ დროის განმავლობაში გადამზიდავებს აძლევენ რეკომენდაციას, სისტემაში ინფორმაცია კორექტულად და ზუსტად შეავსონ, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები და შესაძლო გაუგებრობები შემოწმების დროს.
გარდა ამისა, მონაწილე ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს API (Application Programming Interface)-ის სისტემით მონაცემების გაცვლის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოს საინფორმაციო სისტემების ერთიანი კომპლექსიდან მონაცემების ინტეგრირებას ECMT-ის ციფრულ სისტემაში.
აღსანიშნავია, რომ სისტემის სრულფასოვნად ასამოქმედებლად, უკრაინამ დანერგა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ECMT ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საინტერესო იქნებოდა ქართველი გადამზიდავებისთვის უკრაინული გამოცდილების გაცნობა.
ცნობისათვის, უკრაინაში ECMT ს ნებართვის მისაღებად კომპანიას სამი ერთეული ევრო 5 ან 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალება უნდა გააჩნდეს, საქართველოში ECMT ს ნებართვის მისაღებად, პირობები გართულებულია და ხუთი ერთეული მაღალ ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალების ფლობაა აუცილებელი.
ახალი მექანიზმი ამცირებს დოკუმენტების დამუშავების დროს, გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალე აღრიცხვასა და სინქრონიზაციას ევროკავშირის მონაცემთა ბაზებთან“,- ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში.




