უკვე მეორე წელია, რაც ევროკავშირის ბაზარზე აქტიური ექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდა. საერთაშორისო ბაზარზე შემცირებულმა მოსავალმა დიდი ბიძგი მოგვცა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცნობილი არ არის როგორც კაკლის მწარმოებელი ქვეყანა, თუმცა ამ დეფიციტურმა პერიოდმა გააჩინა მოთხოვნა, რომ ალტერნატიული მწარმოებლები მოეძებნათ, – ამის შესახებ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო “ანიგოზის” თანადამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა “ბიზნესპარტნიორის” დილის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სექტორი ყოველთვის არსებულ სიტუაციას მიყვება და მსგავსი ხელსაყრელი პერიოდები განსაკუთრებულად მომგებიანია.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში გაშენებული კაკლის ბაღების 95% – “ჩანდლერის”, კომერციულად საინტერესო ჯიშზე მოდის და შიდა მოთხოვნა ერთ სულ მოსახლეზე თხილეულის სხვა კატეგორიებთან შედარებით, კვლავაც ყველაზე მაღალია.
“აუცილებელია გაიზარდოს ბაღების მოცულობა, რომ კიდევ უფრო მზარდი იყოს მოსავლის მოცულობა და ამის პოპულარიზაცია არ უნდა შეჩერდეს. საქართველოში კაკალზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივი პროდუქციის, ისე იმპორტირებულის მოხმარებაც მზარდია. რაც მოგვიტანა ქართული კაკლის წარმოების გაზრდამ არის ის, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი გვაქვს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხისა და ფასის პროდუქტი. ქართული კაკალი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია, რომელსაც აქვს პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით მაღალი ფასით გაიყიდოს. ხოლო რაც შეეხება იმპორტირებულ კაკალს – ქვეყანაში მხოლოდ ბიუჯეტური და ქართულ კაკალთან შედარებით გაცილებით დაბალი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტი შემოდის. ვერ გეტყვით, რომ ოდესმე სრულად ჩაიხურება იმპორტი და ადგილობრივი ბაზრის გადაფარვას სრულად შევძლებთ, რადგან ბიუჯეტურ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის შენარჩუნდება”, – აცხადებს ანა ქევხიშვილი.
“ანიგოზის” თანადამფუძნებლის შეფასებით, სექტორი ახლა განვითარების იდეალურ ფაზაში იმყოფება, ხოლო ინვესტორებისთვის კაკალი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან აგრარულ მიმართულებად რჩება.




