საქართველოში მიმდინარე კრიზისის საპასუხოდ, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT) და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 2024 წლის დეკემბერში თბილისში ფაქტების დამდგენი მისია ჩაატარეს. ანგარიშში დეტალურად აღწერილია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული წამების, არასათანადო მოპყრობისა და უფლებების დარღვევის შემთხვევები.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის მიზნით გამოიყენა ძალადობრივი მეთოდები, მათ შორის: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ქიმიური ნივთიერებებით შერეული წყლის ჭავლი, ფიზიკური ძალადობა და უსაფუძვლო დაკავებები. დოკუმენტირებული შემთხვევები ადასტურებს, რომ პოლიციელები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ ზემდგომთა დავალებით.
ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ წამებისა და რეპრესიული პოლიტიკის სისტემატიური პრაქტიკა, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ არსებულ სიტუაციას და განიხილონ სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული პირებისთვის.
“საქართველოში მიმდინარე კრიზისის საპასუხოდ, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციმ (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT) (ორივე ორგანიზაცია არის „ერთად წამების წინააღმდეგ“ კონსორციუმის (UATC) წევრი) და დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG) ერთად, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ჩაატარა ფაქტების დამდგენი მისია. მისია განხორციელდა Omega Research Foundation-ის და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საიას, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და ადამიანის უფლებების ცენტრის მხარდაჭერით.
ანგარიში ეყრდნობა აღნიშნული მისიის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს და მომზადებულია OMCT-ის, Omega Research Foundation-ის, საიას, GCRT-ისან და PHR-ის მიერ.
ანგარიშში იდენტიფიცირებულია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებული წამების, არასათანადო მოპყრობის და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელები. ანგარიშში დოკუმენტირებულია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული ძალადობრივი ტაქტიკები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ბუნების მიუხედავად, საპოლიციო ძალები, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რეგულარულად არბევდნენ აქციებს, რისთვისაც ინტენსიურად იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და ნაკლებად ლეტალურ იარაღს, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული.
სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით; ე.წ. „ცემის კორიდორებში“ გატარება; სტრესულ პოზიციაში მოთავსება; სამედიცინო დახმარებაზე უარი; მკვლელობის და სექსუალური ძალადობის მუქარა. აღნიშნული ტიპის ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად, მათ შორის ბავშვების და შშმ პირების მიმართ.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შესწავლილი მტკიცებულებების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა იყო სისტემატიური, ხოლო ძალადობაში მონაწილე პოლიციელები აღნიშნულს ქმედებებს ზემდგომთა დავალებით ახორციელებდნენ.
ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს უსაფუძვლო დაკავების პრაქტიკაზე, თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და მისი სპეციალური პროცედურების მიმართ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართ და ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ანგარიში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მოუწოდებს მათ:
– მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვა უკანონო ქმედებები;
– გამოიყენონ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ აქტიური მონიტორინგი გაუწიოს არსებულ სიტუაციას. ასევე, გამოიყენონ ისეთი საგამოძიებო მექანიზმები, როგორიცაა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი;
– დაესწრონ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების პროცესებს, რათა შეაფასონ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატონ სოლიდარობა და საერთაშორისო ყურადღება მიაპყრონ მათ საქმეებს, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ხელი ააღებინოს მათი უფლებების დარღვევებზე;
-მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში და ასახვაში, მსხვერპლების რეაბილიტაციაში, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში მონაწილეობენ; მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ მათი საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა;
– განიხილონ ტარგეტირებული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევებში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებისთვის”, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
