საელჩოები ეხმაურებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას

საქართველოში აკრედიტებული საელჩოები ეხმაურებიან „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან ერთი წლის თავს.
„დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ“, — წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
მისია აზიარებს 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც 24 საელჩო მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
იდენტურ პოსტს აზიარებენ 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადების ხელმომწერი სხვა საელჩოები.
2025 წლის 6 აგვისტოს, 24-მა დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა” და „ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი დიპლომატიური უწყებები:
· ავსტრია
· ბელგია
· კანადა
· ჩეხეთი
·
·
· ევროკავშირი
· ფინეთი
· საფრანგეთი
· გერმანია
· ისლანდია
· ირლანდია
· იტალია
· ლატვია
· ლიეტუვა
· ლუქსემბურგი
· ნიდერლანდები
· ნორვეგია
· პოლონეთი
· რუმინეთი,
· ესპანეთი
· შვედეთი
·
· გაერთიანებული სამეფო