ტელეკომპანია “იმედთან” საპროტესტო ტალღამ იფეთქა – პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრები და მათი მხარდამჭერები ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსფარანტებით ხელში მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები წააყენეს.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებას და ძალადობის დაგმობას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ “ტვ იმედი” “ქართული ოცნების” ხელში დეზინფორმაციის გავრცელების იარაღად იქცა.
ამასთან, ლუბლიანას ქუჩაზე შეკრებილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ ტელევიზიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საეთერო დრო დაუთმოს.
4 წელია იმედის ეთერი არ გახსნილა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის და ცალკე ამოგლეჯილი ფრაგმენტული განცხადებების ტირაჟირება ხდება. ვაპროტესტებთ იმას რომ, ამ დღეების განმავლობაში ცალმხრივად აშუქებს იმედი, მთელი რიგი პროპაგანდისტებისა უზის ეთერში და აშუქებს აბსოლუტურად ცალმხრივად, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე. ვაპროტესტებთ იმას, რომ იმედი იქცა ისეთივე იარაღად ხელისუფლების ხელში, როგორ იარაღადაც წინა ხელისუფლება ცალკეულ ტელევიზიებს იყენებდა”, – ამბობს ბექა ლილუაშვილი.