European Alternative Fuels Observatory-ის ახალი კვლევის თანახმად, ისლანდიასა და პორტუგალიაში ელექტრომობილების დამუხტვა ყველაზე იაფი ჯდება, ნორვეგიასა და სლოვენიაში კი ეს მომსახურება ყველაზე ძვირია.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოთვლებისთვის საორიენტაციოდ ტიპური, Tesla Model 3-ის სწრაფი დამუხტვის სესია აიღო, რადგან სწორედ ეს მოდელია ევროპის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი, Model Y-ის შემდეგ. EAFO-ს მკვლევრებმა შეისწავლეს 25-წუთიანი პერიოდი, რა დროშიც ელექტრომობილის ბატარეა 10%-დან 80%-მდე იმუხტება. საჯარო სადგურებიდან ტარიფების შესახებ კი ინფორმაცია პროვაიდერებისგან გამოითხოვეს.
აღმოჩნდა, რომ Tesla Model Y-ის დამუხტვა ყველაზე იაფი ისლანდიაში ჯდება, სადაც ყოველ 100 კმ-ზე ფასი €2.89-ია, რაც შეეხება პორტუგალიას, აქ 100 კმ-ს დაფარვა €3.18 დაგიჯდებათ. TOP სამეულს ფინეთი ხურავს, სადაც იგივე დისტანციის გასავლელად სწრაფი დამუხტვის სადგურით €4.63-ად ისარგებლებთ.
კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაზრის სიმცირის მიუხედავად, ისლანდიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით დედაქალაქში. ქვეყანაში განახლებადი რესურსების სიმრავლე კი დამტენებზე დაბალი ფასების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამავე დროს, ელექტრომობილის დატენვა ნორვეგიაში 6-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ისლანდიაში. 100 კმ დისტანციის დასაფარად აქ €18.93 დაგჭირდებათ, სლოვენიაში კი ღირებულება €17.02-მდე მცირდება.
ტარიფები განსხვავებულია სამხრეთ ევროპის მასშტაბით, სადაც ესპანეთში, პორტუგალიის შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასია – 100 კმ-ზე €7.11. ბულგარეთი (€7.34), იტალია (€9.12), საბერძნეთი (€9.83), მალტა (€9.83), და კვიპროსი (€9.83) ტარიფებს რეგიონული საშუალო ფასების ფარგლებში ინარჩუნებენ.
გერმანიასა და საფრანგეთში დამტენის ტარიფები €10-ს ფარგლებშია. ცენტრალურ ევროპაში ამ სერვისით სარგებლობა ყველაზე ძვირი ესტონეთსა და გერმანიაში, შესაბამისად €9.99 და €8.93 ჯდება, დანიაში კი 100 კმ-ზე ფასი €8.81-ია. საფრანგეთში ამ დისტანციის დაფარვა €7.26 ჯდება, დიდ ბრიტანეთში კი ელექტრომობილების მფლობელთა ხარჯი 100კმ-ზე €7.79-ია. რაც შეეხება ავსტრიას, აქ ტარიფი €7.88-აა.
ტარიფებს შორის ასეთი დრამატული განსხვავება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, რომელთა შორისაცაა ელექტროენერგიის ფასები, სახელმწიფო გადასახადები, სამთავრობო პოლიტიკა და, მათ შორის, განახლებად ენერგორესურსებზე წვდომაც. შესაბამისად, ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ბეგარა მაღალია, ან ელექტროენერგიისთვის იმპორტზე არიან დამოკიდებული, ელექტრომობილების დამუხტვა უფრო ძვირი ღირს.
რაც შეეხება დამტენი სადგურების რაოდენობას, ამ მხრივ ევროპის ლიდერი ნიდერლანდებია, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომი 154 000 ელექტროდამტენია დამონტაჟებული. მეორე ადგილზე გერმანიაა 130 828 დამტენით, სამეულს კი საფრანგეთი 127 530 სადგურით ხურავს.
წყარო: bm.ge