სად არის შავი კატა?

შავი კატის დაჭერა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის, ტოტალიტარული სისტემის მეტაფორაა. მის შესახებ ყოფილმა საბჭოთა ადამიანებმა იციან, როგორც ფილმებიდან, ისე პრაქტიკიდან. სწორედ ამ გამოცდილების თაობაზე საუბრობენ დღეს ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებისგან თავს შევიწროებულად გრძნობს და შევიწროებას პოლიტიკას უკავშირებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, რომლის თანახმად, უნდა გამოვლინდნენ ადამიანები, ვისაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება სურდა. რამდენიმე ცვლადი, ამ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულის ელფერს სძენს. ეს ცვლადებია – 26 ოქტომბრის საპარლამენტო , სავარაუდო დანაშაულთა გაჭიანურებული გამოძიებები, შერჩევითი სამართლის მაგალითები და პასუხგაუცემელი კითხვები კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე.
არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირისპირდებოდა და რის წინააღმდეგაც თვეების განმავლობაში ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე იდგა; უარი უთხრა -ს უვიზო მიმოსვლისა და გაზრდილი სამხედრო დახმარების შეთავაზებაზე, ისე, რომ არც განუხილავს საკითხი და დაიწყო იმ ცალკეული პირების გამოკვეთა და დაკავება, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგ, საპროტესტო მუხტის ლოკომოტივი იყო თავის წრეში.
ასეთად სხვადასხვა ჯგუფი მოიაზრება, პოლიტიკურ და სამოქალაქო დონეებზე. გამოძიება ერთ ადგილს ტკეპნის პოლიტიკური ლიდერების ცემისა და თავდასხმების საქმეების გამოძიების ბოლომდე მიყვანის მიმართულებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო შორსაც მიდის და დაზარალებულებს აკისრებს სასჯელს.
ასეთი იყო დავით ქაცარავას საქმე. ის, კამერების თვალწინ, 14 მაისს გაიტაცეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა. მათთან კონტაქტამდე ქაცარავა სრულიად ჯანმრთელი იყო, გატაცების შემდეგ კი ის სასტიკად ნაცემი და სახის ძვლებდამტვრეული გადაიყვანეს კლინიკაში. მას ოპერაციები და რეაბილიტაციის რამდენიმეთვიანი კურსი დასჭირდა.
ორიოდ თვეში, ამ მოვლენიდან, რომელზეც ქაცარავა დაზარალებულად სცნო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ის სასამართლოში დაიბარეს და დამნაშავედ ცნეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს. ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და ორი თვით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს.
„ამერიკის ხმასთან“ დავით ქაცარავა ამას აფასებს, როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მის მიმართ, რადგან ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში, გარდა ამისა, მონაწილეობას იღებდა ისეთ კამპანიებში, რაც, მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აღიზიანებდა. ასეთი გახლდათ „ანტიოკუპაციური მოძრაობის“ ჩამოყალიბება და მართვა და ში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა.
სასამართლოს გზით, დამნაშავედ მიჩნევა იმავე საქმეზე, რაზეც დაზარალებულადაა შერაცხული, სამართლებრივი ნონსენსია, გვეუბნება ქაცარავა. „ხელისუფლების შურისძიების ობიექტად ვიქეცი, რადგან არცერთ შემთხვევაში კონიუნქტურას არ დავექვემდებარე. ასეთი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ სისტემებში ხდება“,- ამბობს და ანგარიშსწორებად აფასებს არა მხოლოდ პირადად მის მიმართ განხორციელებული „დასჯის“ აქტს, არამედ მისი თანამებრძოლების სამიზნეში ამოღებასაც.
ამ დროისთვის, ანტიოკუპაციური გუნდის არაერთ წარმომადგენელს დაატარებს დაკითხვებზე გამოძიება. ეს ის ანტიოკუპაციური გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში მოხალისეობრივად პატრულირებს ოკუპაციის ხაზთან, აღრიცხავს დაკავებების, გატაცებების, რუსებისგან მიწის მიტაცებებისა და ბორდერიზაციის შემთხვევებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ, ქაცარავას ჯგუფია რუსი მესაზღვრეების დანაშაულებრივი ქმედებების საჯარო სივრცეში გამოტანის მთავარი წყარო. ამ ჯგუფის წევრებიდან, დაკითხვებზე სიარული უწევთ ნადიმ ხმალაძეს, ლაშა ჭიღლაძესა და ვაჟა ცეცაძეს.
სამივე მათგანი ანტიოკუპაციური ჯგუფის პატრულირებებში იღებდა მონაწილეობას და უკრაინაში იბრძოდა.
არის თუ არა ერთმანეთთან კორელაციაში ქაცარავაზე განხორციელებული შურისძიება (მისი სასტიკი ცემა სამართალდამცავების მხრიდან და სასამართლოს გზით – დაჯარიმება) და მისი ჯგუფის წევრების დაკითხვაზე გამოძახება, სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის მუხლებით? – ამის თაობაზე კითხვა დაისვა სუს-ის ანალიტიკური სამსახურის მოადგილესთან, ირაკლი ანთაძესთან, რომელიც ერგნეთში, შეხვერას ესწრებოდა.
ერგნეთში შეხვედრები, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში იმართება, ქაცარავასთან იმ ასპექტში იკვეთება, რომ სწორედ აქ, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსები ქაცარავას განეიტრალების საკითხს პერმანენტულად აყენებდნენ. მათ აღიზიანებდათ ანტიოკუპაციური ჯგუფის გამოჩენა და აქტიურობა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ საზღვართან და ქართველებისგან ითხოვდნენ, რომ მათი გადაადგილება შეეზღუდათ. ქაცარავას დასამსჯელო ცემის შემდეგ, რაც 14 მაისს განხორციელდა, მან განაცხადა, რომ ეს ყველაზე მეტად, რუსებს გაახარებდა.
ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ ბოლო ორ შეხვედრაზე (ეს გულისმობს ივნისი-ივლისის პერიოდს) ქაცარავას განეიტრალების საკითხი, რუსებს მოლაპარაკების მაგიდასთან არ გაუჟღერებიათ.
„პრეტენზიები რუსებს შეიძლება ჰქონდეთ, ნებისმიერი პირის მიმართ, ჩვეულებრივმა პიროვნებამაც რომ გაიაროს, იმ ადგილას, სადაც გადაადგილების სრული უფლება გააჩნია, მაგრამ ეს არ აფერხებს [რუსებს] უსაფუძვლო პრეტენციები წამოაყენონ. მე, უსაფრთხოების სამსახურში, დაკითხვაზე დაბარებულების შესახებ განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან მხოლოდ ერგნეთის შეხვედრაზე ვსაუბრობ,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
ხელისუფლება იყენებს გამოძიების დაწყებას იმისთვის, რომ საზოგადოებაში შიში დათესოს,- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში, ან კრიზისულ ვითარებებში „ქართული ოცნება“ დამნაშავისა და ტერიტორისტების ძიებებს იწყებს.
„ეს პირველად არ ხდება. გვაქვს გახმაურებული შემთხვევები, როდესაც გამოძიებები იწყებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე. არცერთი მათგანი რეალური შედეგებით არ დასრულებულა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის არაა ცნობილი მათ შესახებ. არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვა, თუნდაც, შარშან დაწყებულ გამოძიებას ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ ტენინგებთან დაკავშირებით. მაშინაც ვამბობდით, რომ გამოძიება იყო უსაფუძვლო. მტკიცებულებები, რასაც ავრცელებდა სუს-ი, იყო არა დანაშაულის მტკიცებულება, არამედ ტრენინგის ჩატარების დადასტურება. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რა შედეგი მოჰყვა მას. ამიტომაც ვამბობთ, რომ ესაა მცდელობა გამოიწვიონ საზოგადოებაში შიში და სხვა არაფერი,“- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე.
სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის მუხლებით ახალი გამოძიება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც მიმდინარეობს, შავი კატის საკითხი კი კვლავაც გაურკვეველია.