“სადღესასწაულო სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა და ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, გამოიწვევს ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას მომავალი თვეების განმავლობაში” – ამის შესახებ ISET ხაჭაპურის ინდექსის განახლებულ მაჩვენებელში პროგნოზირებს.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა.
ორგანიზაციის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი
https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0