დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის გენერალური დირექტორის ლაშა რიჟამაძის განცხადებით, თბილისში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვა პროდუქტების ფასებს 10-იდან 20%-მდე გააძვირებს.
როგორც მან „კომერსანტთან“ განაცხადა, რადგან მუნიციპალიტეტის მერიამ ასოციაციის წევრების ინტერესები არ გაითვალისწინა და შეზღუდვის ამოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვით გადადო, პროდუქციის ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.
„თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის და აგვისტოს შემდეგ სადისტრიბუციო მანქანებს დილის პიკის საათებში გადაადგილება აეკრძალებათ, ეს ცალსახად გავლენას მოახდენს პროდუქციის ფასებზე. პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება ფასების ზრდა.
იმ დროის შუალედში, რაც გვაქვს მოწოდებული, რითეილ სერვისი ვერ მოასწრებს პროდუქციის მიწოდებას, კომპანიებს მოუწევთ საღამოს საათებში მუშაობისთვის კადრების დამატება, რაც ხარჯებს გაზრდის. დამატებითი პრობლემა იქნება ისიც, რომ მომხმარებელი დილის საათებში ვეღარ მიიღებს მაღაზიაში იმ პროდუქტებს, რომელიც აქამდე ხვდებოდა, ეს არის რძის ნაწარმი თუ სხვა ფრეშ პროდუქტი. ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს მოუწევთ საწარმოო პროცესის ციკლის ცვლილება, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
საბოლოო ჯამში, როგორც კომპანიებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, წარმოების და სადისტრიბუციო ნაწილში ხარჯების ზრდის გამო, პროდუქციის ფასების 10-იდან 20%-მდე ზრდა აუცილებელი იქნება“, – აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.
